შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „-ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“
ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით;
ხაზს უსვამენ რა მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას, ასევე მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას;
ისწრაფიან რა მათ შორის არსებული საბაჟო გამშვები პუნქტებიდან ოპტიმალური სარგებლის მიღებისკენ;
სურთ რა, შეასრულონ 2007 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში შესრულებული საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში “ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ შესახებ შეთანხმების მიზნები;
თანხმდებიან შემდეგზე:
განსაზღვრებები
მუხლი 1 ამ შეთანხმების მიზნებისთვის: ა) „შეთანხმება” – საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში “ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ”. ბ) „საქონელი” – სამშენებლო მასალების თანდართული ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს სახარჯ მასალას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას და სხვა საქონელს, რომელიც პროექტის შესაბამისად გამოიყენება გვირაბის მშენებლობისათვის. ჩამონათვალში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა ხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; გ) „გადასახადები” – იმპორტის ან/და ექსპორტის გადასახდელები, მოსაკრებლები, ბაჟი, საფასური და სხვა გადასახდელები, რომლებიც გადაიხდევინება საქონლის შეტანისას და გატანისას; დ) „უფლებამოსილი ორგანოები” – საქართველოს მთავრობის მხრიდან: ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია; თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან: თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თურქეთის გენერალური შტაბი; ე) „საბაჟო ფორმალობები” – შესაბამისი პირისა და საბაჟო ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო კანონმდებლობის გათვალისწინებით განხორციელებული ყველა პროცედურა.
შეთანხმების მიზანი და სფერო მუხლი 2 მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის” მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო ხაზის „ყარსი-ახალქალაქის” მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობენ თავიანთ სახელმწიფოებს შორის პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული საქონელის შეუფერხებლად გადაადგილებას აღნიშნული გვირაბის მშენებლობის განმავლობაში.
გადასახადებისგან გათავისუფლება
მუხლი 3 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესული ან გასული საქონელი გათავისუფლებულია ყველა სახის გადასახადებისაგან. 2. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას განსაზღვრავენ თურქეთის რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოები და ამის შესახებ აცნობებენ ქართული მხარის უფლებამოსილ ორგანოებს.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საზღვრის გადაკვეთა
მუხლი 4 1. საქონლის გაფორმება ხორციელდება მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციების მიერ განსაზღვრულ გაფორმების ორგანოებში. 2. საქონლის მიმართ სასაზღვრო კონტროლის პროცედურები ხორციელდება №162 სასაზღვრო ბოძს მიკუთვნებული ტერიტორიის ფარგლებში. 3. საზღვრის გადაკვეთის პროცედურები და სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის თაობაზე მონაცემთა რეგისტრაციის წესი უნდა განისაზღვროს „ერთობლივ კომისიის” მიერ. „ერთობლივი კომისიის” გადაწყვეტილებით თუ სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეუძლებელი იქნება საგანგებო მიზეზების გამო №162 სასაზღვრო ბოძს მიკუთვნებული ტერიტორიის ფარგლებში, „ერთობლივმა კომისიამ” შეიძლება გასცეს ნებართვა საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახი-ჩილდირ/აკტაშ” გავლით სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების თაობაზე. 4. თურქეთის მხარის მიერ განხორციელებული აუცილებელი საბაჟო კონტროლის შემდეგ, საქონლისა და საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჩანაწერების ასლები და მათ გადატანასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაეცემა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და ეგზავნება ქართულ მხარეს. 5. გვირაბის მშენებლობისათვის აუცილებელ შესვლა/გასვლის პროცედურებს განსაზღვრავს „ერთობლივი კომისია”. 6. მხარეები ხელს უწყობენ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელებას შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ. 7. თურქეთის ტერიტორიიდან სარკინიგზო გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქონელი გათავისუფლებულია საბაჟო ფორმალობებისაგან, იმ პირობით, რომ არ მოხდება გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა მონაკვეთზე საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე გადაადგილება. 8. თურქეთის ტერიტორიაზე დაწყებულ და საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელებულ მშენებარე გვირაბში საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მასალა გათავისუფლებულია საბაჟო ფორმალობებისაგან. 9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 ქვეპუნქტებით განსაზღვრული დებულებები გამოიყენება გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დამთავრებამდე.
პირთა მიერ საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მუხლი 5
1. გვირაბის მშენებლობაში მონაწილე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: სპეციალისტები, მუშები და სხვა პირები (შემდგომში „პერსონალად” წოდებულნი) საქართველოს ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლას განახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე №162 სასაზღვრო ბოძის გავლით. პერსონალის მიერ საზღვრის გადაკვეთა ნებადართული იქნება „ერთობლივი კომისიის” მიერ დადგენილი “საზღვრის გადაკვეთის მოწმობის” წარდგენის შემთხვევაში. 2. „ბაქო-თბილისი-ყარსის” სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაში მონაწილე პერსონალის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ხელშემკვრელი მხარეების სასაზღვრო უწყებებს. 3. მხარეთა ადგილობრივი სასაზღვრო უწყებები ცვლიან გაცემულ “საზღვრის გადაკვეთის მოწმობებს”, რომლებსაც ხელმოწერით ადასტურებენ და უკან აბრუნებენ სამი (3) დღის ვადაში. ისინი ასევე განახორციელებენ მომსახურე პერსონალის საზღვარზე შესვლა-გასვლის რეგისტრაციას №162 სასაზღვრო ბოძს მიკუთვნებული ტერიტორიის ფარგლებში. 4. „საზღვრის გადაკვეთის მოწმობა” უნდა შეიცავდეს მხარეთა ადგილობრივი სასაზღვრო უწყებების უფლებამოსილი პირების ხელმოწერებს და ბეჭდებს, მფლობელის ფოტოსურათს, საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, მოწმობის გაცემის მიზანს და მოქმედების ვადას. 5. დღე-ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს სამშენებლო ტერიტორიის ფარგლებში „საზღვრის გადაკვეთის მოწმობა” მფლობელს ანიჭებს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე №162 სასაზღვრო ბოძს მიკუთვნებული ტერიტორიის ფარგლებში შესვლა/გასვლის უფლებას. 6.ხელშემკვრელი მხარეების სასაზღვრო უწყებები გაამარტივებენ საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს.
საზღვრის ინფრასტრუქტურა მუხლი 6 1. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზი მხარეების მიერ აღინიშნება სარკინიგზო გვირაბში. 2. მშენებლობის მწარმოებელი კომპანია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენელთათვის ააშენებს დროებით შენობას ერთობლივად შეთანხმებულ ადგილას.
ერთობლივი კომისია მუხლი 7 1. ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები მიიღებენ საჭირო ზომებს, „ერთობლივი კომისიის“ შექმნის მიზნით დანიშნონ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ხელშეკრულების განხორციელებაზე. 2. „ერთობლივი კომისია“, საჭიროების შემთხვევაში, იკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე. 3. „ერთობლივი კომისია“ გადაწყვეტილებას იღებს ურთიერთთანხმობის საფუძველზე და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის უწყებებს იმ საკითხების შესახებ, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ურთიერთთანხმობის საფუძველზე. 4. ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად თავმჯდომარეობენ კომისიას და მისი დაფუძნების შემდეგ „ერთობლივი კომისია“ განსაზღვრავს ახალ მექანიზმებსა და პროცესებს, რომლითაც მოხდება ხელშეკრულების განხორციელება. 5. საჭიროების შემთხვევაში, „ერთობლივი კომისია“ უფლებამოსილია დააარსოს სამუშაო ჯგუფები.
კონსულტაციები და სადავო საკითხების მოგვარება მუხლი 8
1. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე მხარესთან ამ შეთანხმების განმარტების, შესრულების და ცვლილებების შეტანის თაობაზე ან ნებისმიერი წარმოშობილი შესაძლო სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით. “ერთობლივი კომისიის” შეხვედრების ფარგლებში მხარეთა შორის კონსულტაციები ხორციელდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში, თუ სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 2. იმ შემთხვევაში, თუ “ერთობლივი კომისიის” სხდომაზე ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი სადავო საკითხებზე, მათი გადაწყვეტა მხარეთა შორის ხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
ცვლილებები მუხლი 9 ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლში განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
ხელშეკრულების ძალაში შესვლა მუხლი 10 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
შეთანხმება ძალაშია მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში, და მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება დროის იმავე პერიოდებით, სანამ ერთ-ერთი მხარე სულ მცირე ერთი თვით ადრე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით არ აცნობებს მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ ან საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის" მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დასრულებისას.
შესრულებულია 2012 წლის 3 სექტემბერს ქ. სტამბულში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|