განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8768-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 4 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის
კომერციული ოპერატორი’’
წარმომადგენელი – ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)
საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036
2. ს.ს. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’
წარმომადგენელი – სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)
საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ კრედიტორის სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დანიშნულ იქნა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორმა ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის ფინანსური ანგარიშისა და წლიური ფინანსური უწყისების წარდგენა.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1. სასამართლოში გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის ფინანსური ანგარიშისა და წლიური ფინანსური უწყისების წარდგენა, 2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი