საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29/8
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ,,უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი
წინამდებარე ოქმის მხარეები,

 

საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდეგში ცალ-ცალკე „ხელშემკვრელ მხარედ", ხოლო ერთად "ხელშემკვრელ მხარეებად" წოდებული),

 

სურთ რა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას (შემდეგში „რეადმისიის შეთანხმებად" წოდებული), 

 

ეყრდნობიან რა აღნიშნული შეთანხმების მე-19 მუხლს,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები

(1) რეადმისიის შეთანხმების პირველი მუხლის (k) ქვეპუნქტისა და მე-19(1) მუხლის (a) ქვეპუნქტის თანახმად, შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი არიან ხელშემკვრელი მხარეების შემდეგი კომპეტენტური ორგანოები (შემდეგში ,,კომპეტენტური ორგანოები"):

- საქართველოს ხელშემკვრელი მხრიდან:

რეადმისიის განაცხადებისა და სატრანზიტო ოპერაციების შესახებ განაცხადების მიღება და დამუშავება:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საკონტაქტო პუნქტი: საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება

მისამართი: კახეთის გზატკეცილი 38-ე კმ, თბილისი, 0190, საქართველო

ტელ.: +995 322 418522

ფაქსი: +995 322 418522

ელ.ფოსტა: readmission@mia.gov.ge

 

 - უნგრეთის ხელშემკვრელი მხრიდან:

 a) რეადმისიის შესახებ განცხადებების მიღება და დამუშავება:

ეროვნული პოლიციის შტაბი

H-1139 ბუდაპეშტი, Teve u. 4-6.

საკონტაქტო პუნქტი: უცხოელებზე ორიენტირებული პოლიციის სამმართველო

ტელ.: + 36 1 443 5445

ფაქსი: + 36 1 443 5446

ელ.ფოსტა: idrendo@orfk.police.hu

b) სატრანზიტო ოპერაციების შესახებ განცხადებების მიღება და დამუშავება:

იმიგრაციის და მოქალაქეობის ოფისი

მისამართი: H-1117 ბუდაპეშტი, Budafoki u. 60.

ტელ.: + 36 1 463 9126

ფაქსი: + 36 1 463 9127

ელ.ფოსტის მისამართი: seo@bah.b-m.hu

(2) რეადმისიის შეთანხმების მე-8(3) მუხლის თანახმად, გასაუბრებას, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, განახორციელებენ:

 - საქართველოს ხელშემკვრელი მხრიდან:

საქართველოს საელჩო

ბუდაპეშტი, უნგრეთი

მისამართი: 1125 ბუდაპეშტი, Virányos út 6/B

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საკონტაქტო პუნქტი: საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება

მისამართი: კახეთის გზატკეცილი 38-ე კმ,, თბილისი, 0190, საქართველო

ტელ: +995 322 418522

ფაქსი: +995 322 418522

ელ.ფოსტა: readmission@mia.gov.ge

 - უნგრეთის ხელშემკვრელი მხრიდან:

      უნგრეთის საელჩო

      თბილისი, საქართველო

      მისამართი: 0160 თბილისი, 83 ლვოვის ქუჩა (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა),          საბურთალო

      ტელ.: +995 32 2239 90 08

      ფაქსი: +995 32 2399-004

      ელ.ფოსტის მისამართი: hunembtbs@gmail.com

(3) რეადმისიის შეთანხმების და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესრულების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.

(4) ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური  არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს პირველ და მეორე პუნქტებში მოცემული კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

(5) წინამდებარე ოქმის განხორციელების მიზნით, პირველ და მეორე პუნქტებში მოცემული კომპეტენტური ორგანოები პირდაპირ, წერილობითი ფორმით შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 2

სასაზღვრო-გამტარი პუნქტები

(1) რეადმისიის შეთანხმების მე-19 (1) მუხლის (a) ქვეპუნქტის თანახმად, თავიანთი შესაბამისი საზღვრების გადაკვეთისთვის, ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს:

a) საქართველოს ხელშემკვრელი მხრიდან:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

b) უნგრეთის ხელშემკვრელი მხრიდან:

ბუდაპეშტის/ლისზტი ფერენსის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტის პოლიციის დირექტორატი

ტელ.: +36 1 290 3121

ფაქსი: +36 1 291 9748

ელ.ფოსტა: rri_ugyo@rri.police.hu

(2) კომპეტენტური ორგანოები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმდნენ რეადმისიის განხორციელებაზე სხვა სასაზღვრო-გამტარი პუნქტების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, თარიღი, დრო, სასაზღვრო-გამტარი პუნქტები და დასაბრუნებელი პირის გადაცემის პირობები, ასევე ტრანზიტის ფორმები წერილობით უნდა შეთანხმდეს კომპეტენტურ ორგანოებს შორის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

(3) კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური  არხებით, შეატყობინებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც  შეტანილი იქნება პირველ პუნქტში მოცემული სასაზღვრო გამტარი პუნქტების ჩამონათვალში.

მუხლი 3

რეადმისიის დაჩქარებული პროცედურა

რეადმისიის შეთანხმების პირველი მუხლის (m) ქვეპუნქტის, მე-6(3) მუხლის, მე-10(2) მუხლის (a) ქვეპუნქტის და მე-19(1) მუხლის (d) ქვეპუნქტის თანახმად, დაჩქარებული პროცედურის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

a) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წარუდგენს რეადმისიის შესახებ განაცხადს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ფაქსით ან ელექტრონული ფორმით, რეადმისიის შეთანხმების მე-6(3) მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. ფაქსით ან ელ-ფოსტით მიღებული მიღების შეტყობინება ჩაითვლება განცხადების მიღების დადასტურებად. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო რეადმისიის განაცხადზე პასუხს წარუდგენს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ფაქსით ან ელექტრონული ფორმით რეადმისიის შეთანხმების მე-10(2) მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფაქსით ან ელ-ფოსტით მიღებული მიღების შეტყობინება ჩაითვლება პასუხის მიღების დადასტურებად.

b) კომპეტენტური ორგანოების მიერ დაბრუნების დადასტურება შეიძლება გაიცეს ნებისმიერი სახით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფორმით ან ზეპირად).

 

მუხლი 4

რეადმისიის შესახებ განცხადებების წარდგენა და მათზე პასუხი

(1) რეადმისიის შეთანხმების მე-5 დანართით გათვალისწინებულ და რეადმისიის შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად წარდგენილ რეადმისიის განაცხადს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წარუდგენს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ელ-ფოსტით ან ფაქსით რეადმისიის შეთანხმების მე-10(1) მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. ფაქსით ან ელ-ფოსტით მიღებული მიღების შეტყობინება ჩაითვლება განცხადების მიღების დადასტურებად.

(2) რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო უგზავნის მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ელ-ფოსტით ან ფაქსით რეადმისიის შეთანხმების მე-10(2) მუხლის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფაქსით ან ელ-ფოსტით მიღებული მიღების შეტყობინება ჩაითვლება განაცხადის მიღების დადასტურებად.

(3) თუ ახალი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ რეადმისიის პირობები არ იქნა დაცული, რეადმისიის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის გაცემის მიუხედავად, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას, მიმართოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის განცხადების გაუქმებაზე. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას, შეისწავლოს ახალი გარემოებები რეადმისიის მოთხოვნის გამოთხოვამდე.

 

 მუხლი 5

დასაბრუნებელი პირის გადაცემა

(1) პირის გადაცემა უნდა მოხდეს კომპეტენტურ ორგანოთა მიერ წერილობით შეთანხმებულ დროს და ადგილას. მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ მოთხოვნის მიმღებ ხელშემვკვრელ მხარეს ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით უნდა აცნობოს გადაცემამდე არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე შემდეგი ინფორმაცია: დასაბრუნებელი პირის სახელი და დაბადების თარიღი; მისი სამგზავრო დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა; დაბრუნების დრო და ადგილი (სასაზღვრო გამტარი პუნქტი); დასაბრუნებელი პირის სპეციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ზომები; და თანმხლები პირების და მისაღები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია.

(2) თუ სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება პირის გადაცემა განსაზღვრულ პერიოდში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაბრკოლების შესახებ და მიაწოდებს განახლებულ ინფორმაციას გადაცემის ადგილისა და დროის შესახებ.

 მუხლი 6

დამატებითი მტკიცებულებები და დოკუმენტები

(1) რეადმისიის შეთანხმების მე-19 (1) მუხლის (c) ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ რეადმისიის შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებული დოკუმენტების გარდა სხვა დოკუმენტები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დასაბრუნებელი პირის მოქალაქეობის ან მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტის დასადგენად, ეს დოკუმენტები შეიძლება გაეგზავნოს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის განაცხადთან ერთად.

(2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა რეადმისიის შესახებ მოთხოვნის განხილვის დროს პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს. პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების არ გათვალისწინების დასაბუთებული მიზეზი უნდა ეცნობოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს.

 

მუხლი 7

ესკორტის თანხლებით დაბრუნების პირობები

რეადმისიის შეთანხმების მე-19 (1) მუხლის (b) ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარ ტერიტორიაზე ესკორტის თანხლებით რეადმისიისა და სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებისას ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:

a) საჰაერო გზით რეადმისიისა და ტრანზიტის განხორციელების შემთხვევაში, თანმხლები პირები თავის მოვალეობას შეასრულებენ შეუიარაღებელად და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულნი. თანმხლებ პირებს თან უნდა ჰქონდეთ დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს რეადმისიაზე ან ტრანზიტზე გაცემულ თანხმობას და ნებისმიერ დროს მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების დადასტურება.

b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე თანმხლებ პირებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, უზრუნველყოფს იმავე დაცვით და დახმარებით, როგორსაც ის უზრუნველყოფს იმ საკუთარი პირების შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ მსგავსი მოვალეობები.

c) თანმხლები პირები ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიცვან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ესკორტირების ან ტრანზიტით გადაყვანის დროს, თანმხლები პირების უფლებამოსილებები შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში იმ ოფიციალური პირების მიუწვდომლობის შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები, ან დახმარება გაუწიონ თანმხლებ პირებს დაუყოვნებელი და სერიოზული რისკის შემთხვევაში, თანმხლებ პირებს შეუძლიათ მიიღონ ყველა გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ დაუშვან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მის მიერ საკუთარი თავისთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის ზიანის მიყენება ან ქონების დაზიანება.

 

მუხლი 8

გასაუბრების, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, პროცედურა

რეადმისიის შეთანხმების მე-8 (3) მუხლის და მე-19 (1) მუხლის (e) ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან გასაუბრების, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, შემდეგ პროცედურებზე:

a) თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ვერ წარმოადგენს შეთანხმების 1-ლ და  მე-2 დანართებით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასაკმარისია რეადმისიის შეთანხმების მე-8 (3) მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულების ოფიციალური პირები, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაუტარებენ გასაუბრებას დასაბრუნებელ პირს, მისი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით.

b) გასაუბრების, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, მოთხოვნა შეიძლება მიეწოდოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ტელეფონით, ფაქსით ან ელექტრონული ფორმატით და გასაუბრება უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ რეადმისიის განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი (4) სამუშაო დღის განმავლობაში.

c) გასაუბრების, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების, მოთხოვნა ასევე უნდა მოიცავდეს დასაბრუნებელი პირის ყველა პირად მონაცემს. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს გასაუბრებას, როგორც მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულებას, თუ ის ჩატარდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან საკონსულო დაწესებულებაში.

d) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირის მიყვანას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ, წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში. მხარეთა შეთანხმებით, გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია გასაუბრების ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობის გარეთ. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ გასაუბრების დროსა და ადგილს,  თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მაგრამ რეადმისიის მოთხოვნის მიღებიდან სულ ცოტა 2 სამუშაო დღეში.

e) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, აცნობებს გასაუბრების შედეგებს დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს გასაუბრებიდან სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში.

f) თუ დასაბრუნებელი პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მოთხოვნის წარმდგენი ხელშეკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რეადმისიის განაცხადის განხილვა შეჩერდება გასაუბრების ჩატარებამდე.

 

 მუხლი 9

სატრანზიტო ოპერაციების ფორმები და მხარდაჭერა

რეადმისიის შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან სატრანზიტო ოპერაციების განხორციელების შემდეგ პირობებზე:

a) რეადმისიის შეთანხმების მე-6 დანართით გათვალისწინებული, რეადმისიის შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად წარდგენილი სატრანზიტო განაცხადი, უნდა გაეგზავნოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ და დაგეგმილ ტრანზიტამდე არანაკლებ თოთხმეტი (14) კალენდარული დღით ადრე ფაქსით ან ელექტრონული ფორმატით.

b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს რეადმისიის შეთანხმების მე-14(2) მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, უნდა აცნობოს პასუხი იმის თაობაზე, ეთანხმება თუ არა ტრანზიტს და დაგეგმილ დროს, დასახელებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტს და სატრანსპორტო საშუალებას და ესკორტის თანხლებას.

c) თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ საჭიროებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოების დახმარებს კონკრეტული სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებაში, აღნიშნული მითითებული უნდა იყოს სატრანზიტო განაცხადში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე სატრანზიტო განაცხადზე პასუხში აცნობებს, შეძლებს თუ არა მოთხოვნილი დახმარების გაწევას.

d) თუ გადასაყვანი პირი მგზავრობს საჰაერო გზით და ესკორტის თანხლებით, თვითმფრინავში ჩასხდომა და დაცვა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილების ფარგლებში და მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის შეძლებისდაგვარი დახმარებით.

 

მუხლი 10

კომუნიკაციის ენა

ხელშემკვრელ მხარეებს შორის კომუნიკაცია შედგება ინგლისურ ენაზე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.

 

მუხლი 11

ხარჯები

რეადმისიასთან და ტრანზიტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც გაიღო მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ და რომელიც რეადმისიის შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად უნდა დაფაროს მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ, ანაზღაურდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ევროში, ეროვნული საბიუჯეტო მოთხოვნების თანახმად, ამ სახელმწიფოსთვის წარდგენილი ზედნადების საფუძველზე, მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

 მუხლი 12

ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

(1) წინამდებარე ოქმი ძალაში შევა იმ დღიდან ოცდამეათე (30-ე) დღეს, როდესაც რეადმისიის შეთანხმების მე-18 მუხლით მითითებულ რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს გაეგზავნება შეტყობინება რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის 1/2011 გადაწყვეტილების თანახმად. აღნიშნული შეტყობინება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელი მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების აღებაზე თანხმობის გამოსახატავად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

 

(2) რეადმისიის შეთანხმების მე-19 (2) მუხლის თანახმად, უნგრეთის ხელშემკვრელი მხარე აცნობებს რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს წინამდებარე ოქმის ასლის გაგზავნის გზით.

 

(3) წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით. ოქმის მოქმედება შეწყდება რეადმისიის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად.

 

(4) ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წინამდებარე ოქმში ცვლილებების შეტანა. ასეთი ცვლილებების ინიციირება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით და იგი ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

 

(5) წინამდებარე ოქმის მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი დროს წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ოქმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან სამ (3) თვეში.

 

(6) წინამდებარე ოქმის განმარტებასთან და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებირმიერ დავა გადაწყდება რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების გზით. რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები მას გადაწყვეტენ დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 27 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

                                                      (ხელმოწერილია)

უნგრეთის მთავრობის

სახელით

 

                                            (ხელმოწერილია)

 

 

დანართი

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოს ხელშემკვრელი მხარისათვის

a) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

b) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

c) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

d) 3 მარტი – დედის დღე;

e) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

f) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

g) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

h) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

i) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

j) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

k) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

l) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

m) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

 

 

 

 

ოფიციალური უქმე დღეები უნგრეთის ხელშემკვრელი მხარისათვის

a) 1 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;

b) 15 მარტი – ეროვნული დღე;

c) სააღდგომო დღეები –აღდგომის კვირა დღე; აღდგომის ორშაბათი დღე (თარიღები გარდამავალია);

d) 1 მაისი – შრომის დღე;

e) სულთმოფენობის დღესასწაული – სულთმოფენობის კვირა დღე; სულთმოფენობის ორშაბათი დღე; (თარიღები გარდამავალია);

f) 20 აგვისტო – წმ. იშტვანის დღე;

g) 23 ოქტომბერი – ეროვნული დღე;

h) 1 ნოემბერი – ყველა წმინდანის დღე;

i) 25-26 დეკემბერი – შობის დღესასწაული.