საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (შემდეგში - ცალ-ცალკე “საქართველოს მხარედ” და „აშშ-ის მხარედ”, ხოლო ერთობლივად „მხარეებად” წოდებულნი) აცნობიერებენ, თუ რაოდენ ღირებულია ორივე ერისათვის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის განმტკიცება და გამოხატავენ არსებული მეგობრული კავშირებისა და ურთიერთგაგების გაგრძელების, განმტკიცების და განათლების სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბების სურვილს ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით და თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდეგში „მემორანდუმი”) მიზანია მხარეებს შორის სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი “ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის” (შემდეგში, „ფულბრაიტის პროგრამა”) ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცება და გაძლიერება განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროებში ორივე მხარისათვის სასარგებლო პირობების გათვალისწინებით. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს მონაწილე მხარეთა მიერ ფინანსური მხარდაჭერის გაწევას ფულბრაიტის პროგრამაში ქართველი მაგისტრანტი სტუდენტებისთვის სტიპენდიების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 2
მემორანდუმის მხარეები მოელიან, რომ “ფულბრაიტის პროგრამაში” მათი მონაწილეობა წაახალისებს კავშირების დამყარებას, სტუდენტთა და მეცნიერ-მკვლევართა გაცვლას განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და სამეცნიერო კვლევის ყველა დარგსა და სფეროში საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების (შემდეგში შეერთებული შტატები) მოქალაქეებს, ამ ორი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბების გზით.
მუხლი 3
მემორანდუმის მხარეებს განზრახული აქვთ წაახალისონ და ხელი შეუწყონ ისეთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მათ შორის, სტუდენტთა და მეცნიერ-მკვლევართა გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით აკადემიური სტიპენდიებისა და გრანტების გაცემას, რომელთა განხორციელების შედეგად მემორანდუმის ორ მონაწილე ქვეყანას შორის განმტკიცდება კარგი ურთიერთობები.
მუხლი 4
მემორანდუმის მხარეებს გაზრახული აქვთ დახმარების გაწევა თავიანთი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებისა და პრაქტიკის, დაწესებულებების, სასწავლო კურსების, სასწავლო და გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფაში, რომლითაც შესაძლოა დაინტერესდეს მეორე მხარე.
მუხლი 5
მემორანდუმის მხარეები გეგმავენ პირდაპირი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობას თავიანთ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის სამინისტროებთან, სამდივნოებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და კერძო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან თუ ჯგუფებთან.
მუხლი 6
მემორანდუმის თითოეულ მხარეს განზრახული აქვს მეორე მხარის ქვეყნის სტუდენტებისათვის და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განიხილოს ნებისმიერი განაცხადი მათი მოგზაურობის, ქვეყანაში შესვლის, ბინადრობისა და შემდეგ ქვეყნის დატოვების შესახებ მოქმედი კანონების, მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 7
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას აშშ-ის მხარეს განზრახული აქვს კოორდინირება გაუწიოს საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის დაფინანსებას, მართვასა და განხორციელებას. აშშ-ის მხარეს ასევე განზრახული აქვს ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ორმხრივი კომიტეტის (შემდეგში - „შესარჩევი კომიტეტი”) შექმნის ორგანიზება. შესარჩევი კომიტეტი საჭიროებისამებრ შეიკრიბება, რათა გაესაუბროს ყველა ქართველ კანდიდატს და შეარჩიოს ის კანდიდატები, რომელთაც წარუდგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილი შეერთებული შტატების ჯ. უილიამ ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიების საბჭოს. აშშ-ის მხარე გეგმავს შესარჩევ კომიტეტში მოიწვიოს აშშ-ის მხარის წარმომადგელები, მოიწვიოს აშშ-ის და საქართველოში მოქმედი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეები და/ან ამ პროგრამის კურსდამთავრებულები. საქართველოს მხარე გეგმავს დაასახელოს ერთი წარმომადგენელი შესარჩევი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. გრანტების მიმღები პირების შერჩევის კრიტერიუმები უნდა ეფუძნებოდეს “უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილი შეერთებული შტატების ჯ. უილიამ ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიების საბჭოს პოლიტიკას”, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე http://eca.state.gov/fulbright/about-fulbright/j-william-fulbright-foreign-scholarship-board-ffsb/ffsb-policies.
მუხლი 8
მემორანდუმის მხარეები გეგმავენ ფულბრაიტის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობების მოძიებას ერთობლივი დაფინანსების გზით, რათა ხელი შეუწყონ მემორანდუმის მონაწილე მხარეების ქვეყნებში მაგისტრანტების უფრო მასშტაბურ გაცვლას სხვადასხვა სასწავლო დარგებში.
მუხლი 9
აშშ-ის მხარე გეგმავს მაქსიმუმ სამი ქართველი მაგისტრანტის შეერთებულ შტატებში სწავლისათვის გამოყოს სტიპენდიები, დააფინანსოს ბინის ქირისა და კვების ხარჯები, მგზავრობის ხარჯები, ასევე გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობის ხარჯები.
მუხლი 10
საქართველო გეგმავს მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიების დაფინანსებაში დახმარების მოძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ქართველი მაგისტრანტებისთვის, რათა მათ ისწავლონ შეერთებული შტატებში მდებარე უნივერსიტეტებში. აშშ-ის მხარესთან კოორდინირებით ქართველ მხარეს განზრახული აქვს ყოველწლიურად 50,000 აშშ დოლარის გამოყოფა ფულბრაიტის პროგრამისათვის, რათა მეოთხე ქართველმა მაგისტრანტმა ისწავლოს შეერთებული შტატებში მდებარე უნივერსიტეტში.
მუხლი 11
აშშ-ის მხარეს განზრახული აქვს გააგრძელოს ფინანსური დახმარების გაწევა როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი მკვლევარებისა და სტუდენტების გაცვლისათვის.
მუხლი 12
საქართველოს მხარეს განზრახული აქვს აშშ-ის მხარესთან თანამშრომლობა, რათა დამატებითი რესურსები გამოიყოს ფულბრაიტის სტიპენდიებისათვის ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარების დაფინანსების მიზნით იმ დარგებში, რომლებიც საქართველოს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ამგვარი შესაძლებლობების შესახებ შეთანხმების პირობები ცალკე შემუშავდება.
მუხლი 13
მემორანდუმის მხარეების განზრახვაა წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა, აქტივობები და გაცვლა განხორციელდეს თითოეული მხარის ქვეყანაში მოქმედი კანონების და მარეგულირებელი წესების, მათ შორის, იმ წესების შესაბამისად, რომელიც შეეხება სახსრების გამოყოფას.
მუხლი 14
მხარეებს განზრახული აქვთ გაცვალონ ინფორმაცია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების შესახებ და ნებისმიერი დავა გადაჭრან და ნებისმიერი გაურკვევლობა აღმოფხვრან მეგობრულად, ერთმანეთთან კონსულტაციების გზით.
მუხლი 15
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მხარეების მიერ მისი ხელმოწერისთანავე და ძალაში იქნება სამი (3) წლის განმავლობაში. სამწლიანი ვადის გასვლამდე მემორანდუმის მხარეებს განზრახული აქვთ გადასინჯონ და მიიღონ გადაწყვეტილება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ორივე მხარის ერთობლივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შესაძლოა შეწყდეს რომელიმე მხარის მიერ მას შემდეგ, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს. იმ მხარეს, რომელსაც სურვილი აქვს შეწყდეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი, ვალდებულია მეორე მხარეს წინასწარ, სულ მცირე თორმეტი (12) თვით ადრე გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მისი განზრახვის შესახებ, რომ შეწყდეს მემორანდუმი.
ხელმოწერილია ქ. თბილისში, ორ ასლად, 2013 წლის 15 აპრილს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
|
საქართველოს
მთავრობის სახელით
|
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით
|
|
___________________________
|
____________________________
|
|
გიორგი მარგველაშვილი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ხელმოწერილია
|
ტარა სონენშაინი
სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ხელმოწერილია
|