„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/91
2013 წლის29 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის № 1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის № 1/208-2007 გადაწყვეტილებ ით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
ა)მე-2-8მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 15 წევრისაგან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.
3 . საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
4 . საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების წარდგენის, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
მუხლი 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აუცილებელი პირობები
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.
მუხლი 5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დაწყება
1 . იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება მ ისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის დღიდან.
2. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდება მომდევნო სამუშაო დღის 18 საათზე.
მუხლი 6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მუხლი 7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;
დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ზ) გარდაცვალება;
თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას – კენჭს უყრის გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).
მუხლი 8. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიები
1 . საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რაც შეადგენს 2500 ლარს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“;
ბ) მე-9 მუხლის „ს1“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს1)ადგენს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;“;
გ)მე-11-12მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევა
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
მუხლი 12. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.
3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“;
დ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კენჭისყრა ღიაა, გარდა მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზეც.ფარული კენჭისყრა ტარდება სპეციალური ბარათების მეშვეობით, რომელზეც აღინიშნება განსახილველი საკითხის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შემოხაზავს მისთვის სასურველ ვარიანტს.“;
ე) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.“.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3000 ლარს.
3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ვ ალერი ცერცვაძე