გადაწყვეტილება შპს ”ჩოხატაურის მაცნე”-ს, შპს ”გაზეთი ბათუმელები”-ს, შპს ”გაზეთი ალიონი”-ს, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს, შპს ”მეცხრე არხი”-ს, შპს ”კავკასია”-ს, სპს ”ორიონი” ყალაბეგაშვილის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/3804-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/3804-12

 

2013 წლი ს 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ონიანი

სხდომის მდივანი ანა ვარდიძე

 

მოსარჩელეები – შპს „ჩოხატაურის მაცნე”, შპს „გაზეთი ბათუმელები”, შპს „გაზეთი ალიონი”, შპს „სტუდია მაესტრო”, შპს „მეცხრე არხი”, შპს „კავკასია”, სპს „ორიონი” ყალაბეგაშვილი

წარმომადგენლები – ნათია კაპანაძე, მარიამ გოგოსაშვილი, სერგი ჯორბენაძე

მოპასუხე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წარმომადგენლები – ნონა ესართია, სალომე ქიმერიძე

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანების ბათილად ცნობა – მაუწყებლობისა და გაზეთებისათვის ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის 24 საათში მიწოდების დავალდებულების ნაწილში.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს დაეკისრათ ვალდებულებები, რომლიც მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება სცილდება კანონმდებლობით მისთვის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან აღნიშნული ორგანოს კომპეტენციას არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლობასთან და გაზეთებთან რეკლამის განთავსების მიზნით გარიგების დადების წესის, ანგარიშსწორებისა და გადახდილი თანხის მოცულობის განსაზღვრა. წინასაარჩევნოდ მედიის საქმიანობის კონტროლი წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამავე აქტით მედიაორგანიზაციებს ევალებათ საჯარო გახადონ მონაცემები, აგრეთვე აცნობონ კომისიას, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება. ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებენ ყოველკვირეულად მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანებით განსაზღვრული წესი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტების, მაუწყებლობისა და გაზეთების მიერ წინასაარჩევო ფასიანი რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდებას, მიზნად ისახავს მონიტორინგის ქვემდებარე საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯების რეგულირებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და იგი არ ახდენს გადახდილი თანხმების მოცულობისა და გარიგებების დადების წესის რეგულირებას. ბრძანება განსაზღვრავს პოლიტიკურ დაფინანსებაზე მონიტორინგის მიზნებისათვის თანამშრომლობის მოთხოვნას, რაც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების და არა მედიასაშუალე ბ ების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აღნიშნული ბრძანება გამოცემულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №137/37 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების მეორე პუნქტით საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლი, 341 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ” ქვეპუნქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანება (ს.ფ. 19).

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ’’მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

გასაჩივრებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების მეორე პუნქტით საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. მე-10 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებას – გამოსცეს ნორმატიულ ი აქტი – ბრძანება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კ ო მპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამ ო ცემული) იგი.

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კანონშესაბამისობაზე მსჯელობის მიზნით უპირველესად უნდა განიმარტოს თავად ნორმატიული აქტის გამოცემის საკანონმდებლო მიზანი:

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამარ თ ლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფორმა, რომელიც გამოიცემა კანონის საფუძველზე და მისი აღსრულების მიზნით და რომელიც გამოიხატება პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგადი წესის დადგენაში.

ზოგადად კანონშემოქმედება წარმოადგენს ქვეყნის საკანონმდებლო ხელისფულების ფუნქციას და ვალდებულებას, კანონის მიღების გზით მოაწესრიგოს მნიშვნელოვან საკითხთა ნორმატიული სფერო. ამავდროულად, ვინაიდან ამგვარ საკითხთა წრე  მრავალფეროვანია, თავად კანონმ დ ებელი მმართველობის ორგანოებს აღჭურავს უფლებამოსილებით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით მოაწესრიგოს სპეციფიკური საკითხები და ამ მიზნით ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტურობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ფუნქციას სამართალგამოყენება, ნორმათშეფარდება წარმოადგენს, რაც აღნიშნული აქტების კანონქვემდებარე აქტებად მიჩნევას განაპირობებს, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოს ნორმაშემოქმედებითი უფლებამოსილებით აღჭურვა საკანონმდებლო აქტების აღსრულების მიზნით ამგვარი კომპეტენციის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებას მოითხოვს.

„წინასაარჩევნო კომპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანების გასაჩივრებული   პუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით (წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად) გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საკანონმდებლო საფუძვლად მითითებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლი, 341 მუხლის პირველი პუნქტი და და მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ”მ” ქვეპუნქტი.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლში რეგლამენტირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. იგი უფლებამოსილია ჩაატაროს აუდიტი, ყადაღა დაადოს ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), შეადგინოს სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მიიღოს შესაბამისი დადგენილება.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავით (25-342 მუხლები) მოწესრიგებულია პარტიის ქონებასთან და ფინანსებთან, მისი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები. მოცემული ნორმები ძირითადად ადგენენ პარტიის, აგრეთვე საარჩევნო მიზნების მქონე სხვა პირების ფინანსური საქმიანობის გარკვეულ შეზღუდვებს, რომლის მიზანი, ორგანული კანონის 261 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, არის პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ამავე ორგანული კანონის 322 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამავე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილია პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები, რომლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვრივალობაზე მონიტორინგის განხორციელება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესის დადგენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებაა. თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ ნორმატიული აქტის გასაჩივრებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ანგარიშწორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევალებათ მაუწყებლებსა და გაზეთებს, შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შინაარსზე, რომელიც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემა) შესაძლებლობას იძლევა მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით, რაც გულისხმობს, რომ ნორმატიული აქტის გამოცემის სავალდებულო კანონისმიერი პირობა არის, საკანონმდებლო აქტში პირდაპირ იყოს განსაზღვრული ნორმატიული აქტის შინაარსი და მოცულობა.

სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერად მიჩნევისთვის  მნიშვნელოვანია დადგინდეს – განსაზღვრულია თუ არა თავად კანონში ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება, მისი შინაარსი და მოცულობა და შეფასდეს, იმოქმედა თუ არა მმართველობის ორგანომ კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად. ამდენად, იმისთვის, რომ კანონშესაბამისად ჩაითვალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების – პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მაუწყებლებისა და გაზეთებისთვის ანგარიშსწორების განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ანგარიშ ს წორების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავალება, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საკანონმდებლო ნორმატიულ აქტში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, კერძოდ, 341 მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები მიმართულია პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული ვალდებულებების თუ შეზღუდვების დაწესებაზე. იმავდროულად, ამავე მუხლის ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები სხვა პირებთან მიმართებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით; ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში პირებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის და ამ კანონის 261 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ; სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ნორმებით რეგლამენტირებული უფლებამოსილების ფარგლების დადგენით – სხვა პირებისგან პოლიტიკური პარტიების ფინანსური ხასიათის ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის შეზღუდვით – კანონმდებელი თავისთავად ზღუდავს მოპასუხეს, დაადგინოს ზოგადი ხასიათის ქცევის იმგვარი წესი, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს მისი მხრიდან ადგილი.

ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შინაარსი ცალსახად ადგენს, რომ თავად საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს განსაზღვრული მომავალში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოები და მიმართულებები ისე, რომ მმართველობის ორგანოს შეეძლოს კანონმდებლის ნების ფარგლებში და შესაბამისად მოქმედება, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგოა ყოველგვარი მოქმედება, რომელიც სცილდება კანონმდებლის ნების ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ზოგადი უფლებამოსილებაა და არ შეიძლება მოიცავდეს სხვა პირისათვის რაიმე ვალდებულების დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულს პირდაპირ არ ითვალისწინებს კანონი. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანების სადავო პუნქტი, სასამართლოს მოსაზრებით, სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ჩანაწერი კი არ ზღუდავს მაუწყებლებს ან გაზეთებს, არამედ მათ აკისრებს გარკვეულ თანამშრომლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის’’ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანებით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის ’’მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობაზე.

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირელი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

,,წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანება – მაუწყებლობისა და გაზეთებისათვის ანგარი შ სწორების შესახებ ინფორმაციის 24 საათში მიწოდების დავალდებულების ნაწილში ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ცნობილ უნდა იქნეს ბათილად ბათილად ცნობის დღიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომელის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-12, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანების მეორე პუნქტი იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებმა და გაზეთებმა ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ანგარიშსწორების განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ბათილად ცნობის დღიდან.

3. მოპასუხეს დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით.

 

         მოსამართლე                    თამარ ონიანი