1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურის სამივე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: „სსუ“; ინგლისური სახელწოდებაა: “Sokhumi State University” , შემოკლებული სახელწოდებაა “SSU”.
4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №9, 0186