1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, რექტორის მრჩეველთა საბჭოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.
4. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით.
7. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ისტორიულ–კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები.
8. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შედგება ადმინისტრაციისაგან, ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეული ბიბლიოთეკებისაგან და სამკითხველო დარბაზებისაგან, რომლებიც პროფილის მიხედვით განაწილებულია ტერიტორიულად, ასევე წიგნსაცავისგან.
9. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:
ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;
ბ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს;
გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
დ) უზრუნველყოფს მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში, აბონემენტის განყოფილებასა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებში.
10. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინებით, რაც აისახება უნივერსიტეტის წესდებაში.
11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით