ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2013
ძალის დაკარგვა 24.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.08.2019
დოკუმენტის ტექსტი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №75
2013 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი.
2.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების
განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.
წინამდებარე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებადი საქმიანობების ინსპექტირების ჩატარების წინაპირობებსა და პროცედურებს.
2.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ერთეულის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ან/და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების ძირითად მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗.
კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების სფეროში
დეპარტამენტი ინსპექტირების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗.
ამ წესში გამოყენებული ტერმინები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განმარტებულ ტერმინებს.
მუხლი 4🔗.
ინსპექტირების მიზნები და ამოცანები
1.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია იურიდიული ან/და ფიზიკური პირის საქმიანობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
2.
ინსპექტირების ამოცანებია:
ა)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში ლიცენზიანტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირების მიერ საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიის პირობების შესრულების დადგენა ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამოვლენა;
ბ)
იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამოვლენა;
გ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
ინსპექტირების სახეები
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შეიძლება იყოს გეგმური ან არაგეგმური.
მუხლი 6🔗.
გეგმური ინსპექტირება
1.
გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების პროგრამის მიხედვით, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ყოველი წლის ბოლოს, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ბრძანებით განისაზღვრება როგორც მომდევნო წელს შესამოწმებელი ობიექტების ნუსხა, ისე ამ ობიექტებში ინსპექტირების ჩატარების გრაფიკი.
2.
ინსპექტირების პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინსპექტირების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსები და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, წინა ინსპექტირების შედეგები და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა.
3.
ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა გამომდინარეობს კონკრეტული საქმიანობის რადიაციული რისკიდან და შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა)
სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და მომსახურების მიწოდება მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით – 3 წელიწადში ერთხელ;
ბ)
დიაგნოსტიკური რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, ინტერვენციული რადიოლოგია, რენტგენოსკოპია, მამოგრაფია და სხვ.), დიაგნოსტიკური რადიოლოგია ზოგადი პროფილის რენტგენის დანადგარების გამოყენებით და რადიოაქტიური წყაროს გამოყენებით გეოლოგიური კვლევები (კაროტაჟი) - 2 წელიწადში ერთხელ;
გ)
სამრეწველო რადიოგრაფია, დამასხივებლები (სამრეწველო და სამეცნიერო), რადიოიზოტოპური ხელსაწყოები, სხივური თერაპია, სამედიცინო ამაჩქარებლები – 1 წელიწადში ერთხელ;
დ)
ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია და რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი შესანახი და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – 1 წელიწადში ერთხელ;
ე)
ლიცენზირებადი საქმიანობის დანარჩენი სახეობები – 3 წელიწადში ერთხელ.
4.
გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ობიექტების შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ინსპექტირების პროგრამაში დადგენილი შესამოწმებელი ობიექტების რიგითობა.
5.
გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წინასწარი გაფრთხილებით, რომელიც ადრესატს ეგზავნება ინსპექტირების განხორციელებამდე 7 კალენდარული დღით ადრე.
6.
სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სხვა, მოწვეული სპეციალისტების (მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების) მონაწილეობით.
მუხლი 7🔗.
არაგეგმური ინსპექტირება
1.
არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება რადიაციული ავარიის ან/და ინცინდენტის, გაუთვალისწინებელი შემთხვევის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების, დაცულობის, ლიცენზიის პირობების ან/და საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში.
2.
არაგეგმური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს როგორც ინსპექტირების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტში, ისე, სხვა ობიექტშიც, რომელიც არ არის შეტანილი ამ პროგრამით დადგენილ ნუსხაში.
3.
არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის განცხადება, ნებისმიერი სახის ინფორმაცია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის (პოტენციური საფრთხის სავარაუდო არსებობის) მავნე ზემოქმედების თაობაზე. აღნიშნულ საფუძველზე არაგეგმიური ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს ინიციატივითაც, კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს ინსპექტირების დაწყებამდე ატყობინებს ინსპექტირების თაობაზე.
5.
თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შედეგად (რადიაციული ავარია, გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სავარაუდო კანონდარღვევა), შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, მაშინ შესაძლებელია ოპერატიული ინსპექტირების განხორციელება, ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მუხლი 8🔗.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინსპექტირების თაობაზე
1.
გეგმური ან/და არაგეგმური ინსპექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი.
2.
ოპერატიული ინსპექტირების განხორციელებისას წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ინსპექტირების დასრულებიდან სამი დღის ვადაში.
3.
ინსპექტირების განხორციელების თაობაზე მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს:
ა)
ინსპექტირების სახე;
ბ)
ინსპექტირების განმახორციელებელი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა);
გ)
ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სახელწოდებ(ები)ბი, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირება;
დ)
ინსპექტირების განხორციელების ადგილმდებარეობა;
ე)
ინსპექტირების განხორციელების ვადა.
მუხლი 9🔗.
ინსპექტირების განხორციელება
1.
ინსპექტირების განმახორციელებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. ინსპექტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნებისმიერი უბანი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა.
2.
ინსპექტირება იწყება ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან, ობიექტის ხელმძღვანელობასთან ან/და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთან ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის, ან ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივი მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე, ინსპექტირების თაობაზე მინისტრის ბრძანების წარდგენით. თუ ინსპექტირება ოპერატიულია, მაშინ მოქმედებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3.
ინსპექტირების განხორციელების მიზნით, ინსპექტორი უფლებამოსილია:
ა)
გაეცნოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (საქმეთწარმოების, მონიტორინგის შედეგების, ხარისხის კონტროლის, აპარატურის დაკალიბრება-ტესტირების, პერსონალის ინსტრუქტირების და სხვ. დოკუმენტაციას);
ბ)
გაესაუბროს ორგანიზაციის პერსონალს და სხვა კომპეტენტურ პირებს, რათა შეგროვილ იქნეს ინსპექტირებისთვის საჭირო ინფორმაცია;
გ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატაროს აუცილებელი რადიოლოგიური (დოზიმეტრული) გაზომვები და მიიღოს ამისთვის საჭირო ინფორმაცია;
დ)
დაადგინოს რადიაციული ავარიებისათვის ან/და ინციდენტებისათვის მზადყოფნის ხარისხი და მათი მოხდენის შემთხვევაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოების დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობა;
ე)
აიღოს სინჯები ლაბორატორიული რადიოლოგიური შეფასებისთვის;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ფოტო ან/და ვიდეო გადაღება, რომლის მასალებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული დარღვევების ნივთმტკიცებად;
ზ)
განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ინსპექტირების მიზნებისათვის.
4.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, თან იქონიოს კავშირგაბმულობის საშუალებები, პორტატიული პერსონალური კომპიუტერი, ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეოკამერა, ასევე ინდივიდუალური დოზიმეტრი, ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
5.
ინსპექტირების დაწყებამდე ინსპექტორთა ჯგუფის მიერ შეიძლება შედგეს ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც თანმხდება დეპარტამენტის უფროსთან. ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა მოიცავს უფლება-მოვალეობების განაწილებას ჯგუფის წევრებს შორის, აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს, შემოწმების ძირითად ქმედებებს და საინსპექციო შემოწმების ფურცელს.
6.
ინსპექტირების განხორციელებისას ინსპექტორი ვალდებულია:
ა)
შეამოწმოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
ბ)
დაიცვას ლიცენზიანტის ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
მუხლი 10🔗.
ინსპექტირების აქტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
1.
ინსპექტირების დასრულების შემდგომ ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ან ინსპექტირების განმახორციელებელი სხვა პირი ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების აქტი, რომელშიც აისახება ინსპექტირებისას განხორციელებული ქმედებები. ინსპექტირების აქტს ხელს აწერენ მასში მონაწილე პირები.
2.
ინსპექტირების აქტის ერთი ეგზემპლარი ბარდება ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენელს. ინსპექტირების ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ინსპექტირების აქტის ჩაბარებას ადასტურებს ინსპექტირების აქტზე ხელმოწერით. ინსპექტირების ობიექტის მფლობელს ან მის წარმომადგენელს აქვს უფლება წარმოადგინოს შენიშვნები, რომლებიც აისახება ინსპექტირების აქტში.
3.
ინსპექტირების ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ეგზავნება ინსპექტირების ობიექტის მფლობელს ან მის წარმომადგენელს ინსპექტირების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.
5.
ინსპქტირების ობიექტის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებას.
6.
ინსპექტირების აქტი, საქმის სხვა მასალებთან ერთად (მათი არსებობისას), შედგენიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს.
7.
სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტორები ადგილზე ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანდართულ მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს.
მუხლი 11🔗.
ბირთვული და რადიაციული ობიექტის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1.
ინსპექტირების განხორციელებისას ბირთვული და რადიაციული ობიექტის მფლობელი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელს მოსთხოვოს ინსპექციის განხორციელების თაობაზე მინისტრის ბრძანების წარმოდგენა, ხოლო ინსპექტირებაში მონაწილე პირებს – შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა ან პირადობის დამდასტურებელი მოწმობა.
2.
ინსპექტირების განხორციელებისას ლიცენზიანტი ან არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის (შემდგომში – ინსპექტირების ობიექტი) მფლობელი ან/და მისი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა)
წარმოადგინოს ინსპექტირებისათვის მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი;
ბ)
არ დაუშვას კონკრეტული ობიექტის დაკეტვა ან ობიექტზე სხვაგვარი შეზღუდვები, რომელიც ხელს შეუშლის საინსპექციო ღონისძიებების განხორციელებას;
გ)
არ დაუშვას საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილებების გამორთვა ან მათთან წვდომის სხვაგვარად შეზღუდვა;
დ)
არ შეზღუდოს რადიოლოგიური გაზომვებისათვის აუცილებელი ღონისძიებები;
ე)
შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3.
ინსპექტირების ობიექტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, ინსპექტორის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს თავისი წარმომადგენლის დასწრება ინსპექტირების პროცესში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აფერხებს ინსპექტირების განხორციელებას.
მუხლი 12🔗.
იძულებითი ღონისძიებები
დეპარტამენტს უფლება აქვს, ინსპექტირების განხორციელებისას გამოიყენოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.