საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით 2004-2005 წლებისათვის გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №29

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით 2004-2005 წლებისათვის გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ

საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (იპსგ) დადგენილ ვადებში და ეფექტიანად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ერთ კვირაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და წინადადებები (იპსგ, თავი 1, 1.1, მოქმედება 1).

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს:

ა) შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი (იპსგ, თავი 1, 1.1, მოქმედება 1);

ბ) დაიწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა ეროვნული თავსებადობის კონცეფციის შემუშავების მიზნით (იპსგ, თავი 2, 2.6.1, მოქმედება 2);

გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით ორ კვირაში შექმნას სპეციალური ჯგუფი. ყველა შესაბამისმა სამინისტრომ აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს კანდიდატურები. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს (იპსგ, თავი 3, 3.1.1, მოქმედება 1);

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ექვს თვეში შეიმუშაოს კრიზისული სიტუაციების მართვის კონცეფცია (იპსგ, თავი 3, 3.2.2, მოქმედებები 1,2,3).

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს.ზურაბიშვილი):

ა) სამ თვეში წერილობით წარმოადგინოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები უსაფრთხოების სფეროში (იპსგ, თავი 1, 1.1.2);

ბ) ერთ თვეში წარმოადგინოს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის სტრატეგია (იპსგ, თავი 1, 1.2.1, მოქმედება 1, 2);

გ) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივ კვლევათა განხორციელების მიზნით დაიწყოს მეგობარ ქვეყნებთან მუშაობა და ორ თვეში წერილობით წარმოადგინოს შესაბამის ღონისძიებათა გეგმა (იპსგ, თავი 1, 1.3.2, მოქმედება 1);

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიწყოს მუშაობა ნატოსთან მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ურთიერთგაგების მემორანდუმების შემუშავების მიზნით (იპსგ, თავი 2, 2.3.2, მოქმედება 2);

ე) სამ თვეში შექმნას ნატოს ეროვნული საინფორმაციო ცენტრი (იპსგ, თავი 3, 3.1.2, მოქმედება 1).

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ კვირაში წერილობით წარმოადგინონ ბიოტერორიზმის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებათა ანგარიში.

5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს უმოკლეს დროში განიხილოს ევროსაბჭოში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის აუცილებელი ევროსაბჭოს შესაბამისი ქარტიები (იპსგ, თავი 1, 1.4.1, მოქმედება 1).

 

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია):

ა) ორ კვირაში მოამზადოს და წერილობით წარმოადგინოს პოზიცია საქართველოში „აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიური კავშირების შესახებ კანონთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში ცვლილებათა შეტანის გათვალისწინებით (იპსგ, თავი 1, 1.4.1, მოქმედება 2);

ბ) ორ კვირაში წარმოადგინოს ანგარიში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ (იპსგ, თავი 1, 1.4.2, მოქმედება 1);

გ) ორ კვირაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად წარმოადგინოს თავდაცვის სფეროს სამოქალაქო კონტროლის არსებული მექანიზმების ანალიზი (იპსგ, თავი 1, 1.5.1, მოქმე-დება 1).

7. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

 კ. ბენდუქიძემ ორ კვირაში წარმოადგინოს ანგარიში საქართველოში სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესების მხრივ მიღწეული შედეგების შესახებ (იპსგ, თავი 1, 1.4.2, მოქმედება 2).

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი):

ა) ორ კვირაში წარმოადგინოს ანგარიში ეკონომიკის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამომავლო გეგმა (იპსგ, თავი 1, 1.6.1, მოქმედება 1);

ბ) ორ თვეში წარმოადგინოს საერთაშორისო დახმარებების რაციონალური გამოყენების სტრატეგია (იპსგ, თავი 1, 1.6.2, მოქმედება 1).

9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი.ოქრუაშვილი):

ა) ორ კვირაში წარმოადგინოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესში 2005 წელს განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა და ანგარიში აღნიშნულ პროცესში მიღწეული შედეგების შესახებ (იპსგ, თავი 2, 2.1.1, მოქმედებები 2, 4, 6; 2.1.2, მოქმედება 2; 2.5.1, მოქმედება 1);

ბ) ორ კვირაში წერილობით წარმოადგინოს საფრთხეთა ანალიზი (იპსგ, თავი 2, 2.1.1, მოქმედება 2);

გ) ერთ თვეში წარმოადგინოს თავდაცვის დაგეგმვის სფეროში სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების გეგმა (იპსგ, თავი 2, 2.1.2, მოქმედება 1);

დ) ორ კვირაში წარმოადგინოს ანგარიში თავდაცვის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ (იპსგ, თავი 2, 2.2.1, მოქმედება 1);

ე) სამ თვეში შეიმუშაოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთა სწავლების გრძელვადიანი პროგრამა (იპსგ, თავი 2, 2.2.2, მოქმედება 2);

ვ) ერთ თვეში შეიმუშაოს და წერილობით წარმოადგინოს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისათვის თანაბარი სახელფასო სისტემა (იპსგ, თავი 2, 2.2.2, მოქმედება 4);

ზ) 2005 წლის ბოლომდე შეიმუშაოს და წერილობით წარმოადგინოს ინდივიდუალური და მცირე ქვედანაყოფების წვრთნის სტანდარტები (იპსგ, თავი 2, 2.3.1, მოქმედება 1);

თ) ოთხ თვეში უზრუნველყოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ეროვნული კატალოგის მონაცემთა ბაზის შექმნა (იპსგ, თავი 2, 2.3.2, მოქმედება 2);

ი) ორ კვირაში წარმოადგინოს ანგარიში თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ (იპსგ, თავი 2, 2.4.1, მოქმედება 2);

კ) ორ თვეში წარმოადგინოს საფინანსო დეპარტამენტის პერსონალის ბუღალტრული აღრიცხვისა და შესყიდვების პროცედურების სფეროში სწავლების გეგმა (იპსგ, თავი 2, 2.4.1, მოქმედება 3);

ლ) საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად 2005 წლის ბოლომდე უზრუნველყოს მეგობარი ქვეყნების მხრიდან საერთაშორისო დახმარების მოზიდვა თავდაცვის სფეროში სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადების პროექტის გაფართოების მიზნით (იპსგ, თავი 2, 2.4.3, მოქმედება 1);

მ) დაიწყოს მუშაობა და მიმდინარე წლის სექტემბრამდე წარმოადგინოს ეკონომიკური რესურსების შეფასებისათვის აუცილებელი პროგნოზირების მექანიზმები (იპსგ, თავი 2, 2.4.4, მოქმედება 1);

ნ) დაიწყოს მუშაობა და მიმდინარე წლის სექტემბრამდე წარმოადგინოს გამოყენებადი საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის გეგმა; 2005 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ჭარბი და არაუსაფრთხო საბრძოლო მასალებისა და მცირე და მსუბუქი შეიარაღების განადგურება (იპსგ, თავი 2, 2.5.1, მოქმედება 2);

ო) ერთ თვეში წარმოადგინოს ლოგისტიკის სისტემის რესტრუქტურიზაციის გეგმა და ანგარიში აღნიშნულ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ (იპსგ, თავი 2, 2.6.1, მოქმედება 1);

პ) ორ თვეში წარმოადგინოს ლოგისტიკის პირადი შემადგენლობიდან ლოგისტიკის მეკავშირე ოფიცერთა წვრთნის გეგმა (იპსგ, თავი 2, 2.6.1, მოქმედება 3);

ჟ) 2005 წელს უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკის ექსპერტთა მუდმივი ჯგუფის აღჭურვილობის დონაციის საკონტროლო სიის წარმოება (იპსგ, თავი 2, 2.6.4, მოქმედება 1).

10. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გ. ბარამიძემ.

11. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი     ზ.ნოღაიდელი