მდინარე არაგვის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობისა და იქ განთავსებული წყალსადენების სათავე ნაგებობების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 02/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №92

2005 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

მდინარე არაგვის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობისა და იქ განთავსებული წყალსადენების სათავე ნაგებობების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს, რომ მდინარე არაგვის ხეობაში განლაგებული წყალსადენების სათავე ნაგებობები დედაქალაქისა და მისი შემოგარენის მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგების ერთადერთი წყაროა, რის გამოც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მდინარე არაგვის აუზის ეკოლოგიური და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფას მზარდი ანთროპოგენური ზეგავლენისაგან წყალსადენების დაცვის მიზნით.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ არ არის კანალიზებული დუშეთისა და მცხეთის რაიონების დასახლებები, რაც სასმელი წყლის ფეკალური წყლებით დაბინძურების საშიშ-როებას ქმნის.

აღნიშნულის გათვალისწინებით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად შეისწავლონ მდინარე არაგვის ხეობის დასახლებათა კანალიზაციის სისტემების მოწყობის საკითხი და ერთ თვეში წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობას კონკრეტული წინადადებები.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქ. თბილისის მერიასთან, მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამგეობებთან ერთად შეისწავლონ არაგვის ხეობის წყალსადენების სანიტარიული ზონების მდგომარეობა და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ კონკრეტული წინადადებები მათი ეკოლოგიურ-სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების საბოლოოდ დადგენის მიზნით.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამგეობებთან და მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ ,,საქსახმიწპროექტთან“ერთად შეისწავლოს თბილისის მუნიციპალიტეტის შპს ,,თბილწყალკანალისათვის“1931-1989 წლებში გამოყოფილი და ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობების საზღვრების საკითხი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი შესაბამისი წინადადებებით მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას აღნიშნული ტერიტორიების სანიტარიული დაცვის ზონებად გამოცხადების მიზნით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქ. თბილისის მერიამ, მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამგეობებმა:

ა) უზრუნველყონ ქ. თბილისის წყალსადენის სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონაში გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება და შეასრულონ ყველა საჭირო სამუშაო მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ბ) განახორციელონ სანიტარიული დაცვის ზონებიდან (I, II ზონა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გარეშე პირთა გაყვანა ქ. თბილისის ბიუჯეტიდან შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით, რაზედაც შედგეს სპეციალური გრაფიკი და საქართველოს მთავრობას წარედგინოს დასამტკიცებლად 2005 წლის II კვარტალის ბოლომდე.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ მცხეთის რაიონის გამგეობასთან ერთად 2005 წლის II კვარტალის ბოლომდე უზრუნველყოს მუხრანის ველის I ზონიდან დევნილების გაყვანა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მუხრანის ველის ტერიტორია არის წყალსადენის დაცვის პირველი სანიტარიული ზონა. აღნიშნულის გათვალისწინებით ეთხოვოს მცხეთის რაიონის გამგეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილება 2004 წლის 30 აპრილის №49 დადგენილებაში მუხრანის ველის ტერიტორიიდან 8.22 ჰექტარი მიწის ფართობის შპს „გეორგ-ფლაუერისათვის“იჯარით (49 წლით) გადაცემის შესახებ.

7. მდინარე არაგვის ეკოსისტემის დასაცავად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამგეობებთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება წყალმიმღებ ნაგებობათა სანიტარიული ზონის II სარტყელში და მასთან მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ნათესების ნებისმიერი სახის შხამქიმიკატებით შეწამვლის აღსაკვეთად.

8. მდინარე არაგვის აქტიური კალაპოტის გეოლოგიური და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაჯანსაღების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება მდინარე არაგვის კალაპოტიდან და მისი შენაკადებიდან უშუალოდ მდინარე არაგვთან ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების აღსაკვეთად. სამართალდამრღვევთა მიმართ მიღებულ იქნეს კანონით გათვა-ლისწინებული ზომები.

9. ქ. თბილისის მერიამ, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა, მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამგეობებმა ერთ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგინონ წინადადებები არაგვის ხეობაში მდებარე დასახლებათა ჟინვალი-მცხეთის საკანალიზაციო კოლექტორის დაპროექტება-მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოცულობის შესახებ, მისი 2006-2007 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.

10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადება არაგვის ხეობაში საკანალიზაციო კოლექტორის დაპროექტება-მშენებლობის დამკვეთის შესახებ.

11. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ.

12. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი