ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№291
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 11/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№291

2005 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის საქართველოს მთავრობის თანდართული პრიორიტეტები.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები

მეზობლობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საერთო ხედვას, საერთო ინტერესებს, საერთო მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის იმ ერთიან საშუალებებს, რომლებზეც თანხმდებიან ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრები ერები. იმისთვის, რომ სრულად იქნეს გამოყენებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პოტენციალი, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს რეალისტური და შესრულებადი განსაზღვრულ ვადაში (სამი წელი).

ამ მხრივ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს:

– შედეგზე ორიენტირებული ეფექტიანი ურთიერთობების განვითარება – ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი ურთიერთობები უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული მიზნების მიღწევას კონკრეტულ ვადებში;

– სამოქმედო გეგმის ერთობლივი კუთვნილება – სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ერთობლივად საქართველოსა და ევროკავშირის მიერ, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ინტერესები, მისი მოთხოვნილებები და ეროვნული პრიორიტეტები;

– ორმხრივი ინტერესი – ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უნდა გამომდინარეობდეს ორმხრივი ინტერესებიდან სამოქმედო გეგმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. ამასთანავე მხარეები უნდა გასცდნენ ტექნიკური დახმარების ფორმატს და გადავიდნენ ორმხრივ ვალდებულებებსა და პირობითობას (conditioaliry) დაფუძნებულ ურთიერ-თობებზე.

საქართველოს სამოქმედო გეგმა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის წინაშე მდგარ ძირითად მიზნებს – დემოკრატიული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა , თანამედროვე სავაჭრო და ენერგოინფრასტრუქტურის აშენების გზით ქმედითი ეკონომიკის განვითარება და გარე სამყაროსადმი ღია საზოგადოების ჩამოყალიბება. საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა პრიორიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ ძირითადი მიზნების მიღწევას.

ამასთანავე, სამოქმედო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან (2005-2008 წლების) სამოქმედო სტრატეგიას“, რომელიც ითვალისწინებს რეფორმების განხორციელების გზით საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციას.

საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა . შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ პრიორიტეტში ამ მიზნის მიღწევა განსაკუთრებული ხაზგასმითაა გათვალისწინებული, რამაც უნდა განსაზღვროს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა .

საქართველოს მთავრობა, სამეზობლო პოლიტიკისადმი მისი ხედვიდან გამომდინარე, შეეცადა კონცენტრირება მოეხდინა შემდეგ ეროვნულ პრიორიტეტებზე, რომლებიც ევრო-კავშირთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარების საფუძველს შექმნიან:

1. კანონის უზენაესობის განმტკიცება

2. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება (საზღვრის მართვა)

3. თანამშრომლობა ოთხი თავისუფლების გავრცელების სფეროში

4. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (ენერგეტიკა, ტრანსპორტი)

5. თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტები უკვე ამჟამად წარმოადგენს ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმამ ხელი უნდა შეუწყოს სიღარიბის დაძლევას; სოციალური სფეროს, გარემოს, გარემოს დაცვისა და პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებში კონკრეტულ თანამშრომლობას. სამოქმედო გეგმამ ასევე უნდა მოიცვას საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა ევროგაერთიანებების სპეციალურ პროგრამებში განათლების, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების განვითარების სფეროებში.

1. კანონის უზენაესობის განმტკიცება

– პენიტენცია რ უ ლ ი სისტემის და არასაპატიმრო ალტერ-ნატიული სასჯელთა აღსრულების (პრობაციის) სამსახურის რეფორმის ხელშეწყობა;

– სამართალდაცვის (პოლიციის) სისტემის რეფორმის ხელშეწყობა;

– სასამართლოსა და სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სისტემების რეფორმის ხელშეწყობა;

– უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ხელშეწყობა;

– ევროპის ადამიანის უფლებების  კონვენციის მოთხოვნათა და ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის (EU JUST THEMIS) დახმარებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების სისტემური რეფორმის ხელშეწყობა;

– თანამშრომლობა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის მიზნით.

2. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება

– თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპების შემუშავების მიზნით;

– გალის რაიონში დევნილთა ორგანიზებული დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა შესაბამისი სარეაბილიტაციო პროექ-ტების განხორციელებით;

– საქართველის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვის უზუნველყოფა;

– ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის დღის წესრიგში საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საკითხების მუდმივად წარმოჩენა (მათ შორის საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების მიღმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტების გავრცელების პრობლემა, ადამიანთა უფლებების დაცვა, ლტოლვილთა საკუთრების უფლების დაცვა).

 საზღვრის მართვა:

– საქართველოს საზღვრის შესახებ კონცეფციის შემუშავება;

– საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის დასრულება;

– გრძელვადიანი სტრატეგიისა და მექანიზმების შემუშავება ტერორიზმის, ტრეფიკინგის, ორგანიზებული დანაშაულებების, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ შიდა კონფლიქტებით წარმოქმნილი საფრთხეების გათვალისწინებით;

– რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება ერთობლივი საზღვრის მართვის (Integrated  Borger Management) კუთხით, როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე სამხრეთ კავკასიის ფარგლებში;

– ეფექტიანი და სათანადო საზღვრის მართვის სისტემების განვითარება საქართვლოს საზღვრის მთელ მონაკვეთზე, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთის ჩათვლით. ზემოაღნიშნული მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საზღვრის დაცვის შესაბამისი ინსტიტუტების თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვასა და ტრეინინგს;

– საზღვრის საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერება (მოკლევადიანი პერსპექტივა);

– ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესში, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევამდე, საქართველო-რუსეთის შესაბამის მონაკვეთებზე საბაჟოს ამოქმედება, სულ მცირე შერეული მონიტორინგის დაწესება;

– არსებული საერთაშორისო რეგულიერბის საფუძველზე აფხაზეთის რეგიონის აკვატორიაში საზღვაო საზღვრების დაცვის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის საკითხების დროებითი შეთანხმება კონტრაბანდის მოძრაობისა და ტერორიზმის გავრცელების პრევენტირების კონტექსტში;

– საბაჟო სამსახურის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და ტრეინინგის უზრუნველყოფა;

– საბაჟო პროცედურების მოდერნიზება და გამარტივება;

– არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხებით დასაქმებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა ტრეინინგი;

– საზღვარზე არალეგალურ მიგრანტთა მიმღები ცენტრების მშენებლობა;

– სამოქალაქო რეესტრის (ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა) შექმნა;

– რეინტეგრაციის, სოციალური, ეკონომიკური ინტეგრაციის, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება საქრთველოში დაბრუნებული პირებისათვის.

3. თანამშრომლობა ოთხი თავისუფლების გავრცელების სფეროში

 

ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში ოთხი თავისუფლების (ადამიანთა (პირველ რიგში), საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება) გამოყენების შესაძლებლობის შექმნა:

ა) ადამიანთა გადაადგილება

– რეადმისიისა და რეინტეგრაციის კონცეფციის შემუშავება;

– მიგრაციის მართვის თანამედროვე სისტემების ჩამოყალიბება;

– საქართველოდან შრომითი მიგრანტებისათვის ლეგალური საქმიანობის შესაძლებლობების მოპოვება (სეზონური და არაკვალიფიციური მუშახელი, მოთხოვნილი და დეფიციტური პროფესიები, სტუდენტთა დასაქმება);

– საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის სააპლიკაციო პროცედურების გამარტივება;

– რეადმისიის შეთანხმების გაფორმება.

ბ) ვაჭრობა და ინვესტიციები

– თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ავტონომიური სავაჭრო რეჟიმის მინიჭების მიზნით;

– ევროკავშირის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის აღიარება;

– ევროკავშირთან ღვინითა და მინერალური წყლებით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება;

– თანამშრომლობა ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმირების, ევროდირექტივების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტებისა და ჰარმონიზებული სტანდარტების დამკვიდრების, მეტროლოგიის სფეროს განვითარების მიზნით;

– თანამშრომლობა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სტანდარტების შემუშავების, ლაბორატორიების ეროვნული ქსელის შექმნისა და რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით;

– საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის, ვაჭრობისა და მრეწველობისათვის ხელშემწყობი და ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო კოდექსის შემუშავება და ნორმატიული ბაზის განვითარება;

– საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისათვის გადასახადების ადმინისტრირების, გადამხდელთა მომსახურებისა და გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ხარისხის გაუმჯობესება;

– სტატისტიკის სფეროში ადმინისტრაციული შესაძლებლობებისა და მონაცემთა სანდოობის ხარისხის გაზრდა.

4. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

1. ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიზნით.

2. შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარება:

ა) ენერგეტიკა

– საქართველოს ტრანსრეგიონალურ ენერგოსისტემებში ჩართვის ხელშეწყობა კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროკავშირის ბაზარზე მისაწოდებლად;

– საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა TRACECA-სა და INOGATE-ის პროგრამების ფარგლებში და მათი ინტეგრირება საერთო ევროპულ ინფრასტრუქტურულ მაგისტრალებში;

– აქტიური მონაწილეობა სატრანსპორტო დერეფნების განვთიარებაში და საქართველოს ტრანსევროპულ ქსელებში (TENS) ჩართვის შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება;

– თანამშრომლობა ენერგეტიკის დარგში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით.

ბ) ტრანსპორტი

– ტრანსპორტის დარგში ეროვნული სტრატეგიის შემუშავება;

–საქართველოს რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, ურთიერთქმედითი (Interoperability) მრავალი დანიშნულების (მულტიმოდალ) სერვისის ხელშეწყობის, სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივების თვალსაზრისით;

– თანამშრომლობა საჰაერო და სანავიგაციო სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

– ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება „ერთიანი ევროპული ცის“(single european) ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობისათვის;

– საზღვაო უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა (მათ შორის, სადროშო პოლიტიკაზე (Fleag state control) კონტროლის გამკაცრება;

– სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტრანსკავკასიური მაგისტრალით ტვითრების გადაადგილების აღდგენა და სავაჭრო ზონების ამოქმედება დროებით შეთანხმებათა საფუძველზე, მათ შორის, საქართველოს საზღვაო პორტებთან დაკავშირებაში ჩრდილო ოსეთის ინტერესების გათვალისწინებით;

– თანამშრომლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ამოქმედების პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების თაობაზე;

– სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესპროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა (ამ მიზნით სპეციალური ბიზნესცენტრების გახსნა);

– საქართველო-თურქეთის ურთიეთობების განვითარება საქართველო-თურქეთის საზღვრის სამცხე-ჯავახეთის მონაკვეთის (ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედებისა და მისი აფხაზეთში გამავალ რკინიგზასთან დაკავშირების კონტექსტში) თაობაზე.

5. განათლება და მეცნიერება

– თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების დარგში, რომელიც მიზნად ისახავს ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის გაფართოებას და საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში;

– საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ევროპის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, აგრეთვე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

– თანამშრომლობა საქართველოში სოციალური პარტნიორობის ბაზაზე პროფესიული განათლების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (Lifelong Learinng) განვითარების მიზნით;

– ევროინტეგრაციის თემატიკაზე ახალგაზრდა მკვლევართა და სასწავლო დაწესებულებათა მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამებით;

– რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება განათლების სფეროში,როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე სამხრეთ კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო ადმინისტრირების რეგიონალური სკოლის ჩამოყალიბება;

– პარტნიორობა საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამის განხორციელებაში (პირველ რიგში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის).