განჩინება შპს „ჯიქია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/395-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
16.12.2013 წ ლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური
მოთხოვნა - კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქია’’-ს დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სასამართლოში შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორის ვახტანგ დიღმელიშვილის განცხადებით წარმოდგენილი დაზუსტებული მოთხოვნისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობის განხილვა, კრედიტორების ჩანაცვლების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2013 წლის 16 დეკემბერს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რის გამოც აუცილებელი გახდა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 23 დეკემბერს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სასამართლოში შპს ,,ჯიქიას’’ კრედიტორის ვახტანგ დიღმელიშვილის განცხადებით წარმოდგენილი დაზუსტებული მოთხოვნის განხილვა, 1.2. რეაბილიტაციის მიმდინარეობის განხილვა, 1.3. კრედიტორების ჩანაცვლების შესახებ, 1.4. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი