„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1791-Iს
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.017272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, ასევე სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის – ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“.

     2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები;“.

     3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები ამ კანონით დადგენილი წესით.“.

     4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.“.

     5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურისათვის – 18 თვე.“.

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1791-Iს