„სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 01.05.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№261
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“ №1-4 დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 1 აგვისტოს №84 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის ,,სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
საერთო დებულებები
1. „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების საკითხების სამართლებრივი რეგულირება.
2. ეს წესი ვრცელდება:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურებში;
გ) საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების მოიჯარეებზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებად ზონაში;
დ) საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე.
3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სფეროში დასაქმებულ პირს არა აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს გაფრენისწინა შემოწმების სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიკატი“ (შემდგომ – სერტიფიკატი).
4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სფეროში დასაქმებულ პირს არა აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვითი სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატი ან სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მოწმობა (შემდგომ – მოწმობა).
5. სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, გაუქმებას, სერტიფიკატის/ მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატის/მოწმობის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
6. ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის/მოწმობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
7. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის კვალიფიკაციას, განახორციელოს გაფრენისწინა შემოწმების ან სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვითი სამუშაოები ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის (,,უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
8. მოწმობა ადასტურებს მისი მფლობელის კვალიფიკაციას, განახორციელოს სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვითი სამუშაოები ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის (,,უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
9. ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის/მოწმობის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, გაუქმებასთან, სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗.
ტერმინები და განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევა/მიღება
1. პირი, რომელსაც აქვს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურში მუშაობის სურვილი (შემდგომში – კანდიდატი), გადის გასაუბრებას ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის (და/ან ავიასაწარმოს) ხელმძღვანელთან, რომელიც ზოგადად აცნობს კანდიდატს დასაკავებელი თანამდებობის მნიშვნელობას, ამ თანამდებობის როლს, ფუნქციას და დანიშნულებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში, დასაქმების შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს.
2. გასაუბრების შესახებ დგება დოკუმენტი, რომელიც კანდიდატის ამ ავიასაწარმოში მიღების შემთხვევაში ინახება კანდიდატის პირად საქმეში.
3. გასაუბრების შემდეგ კანდიდატი დასაქმების თაობაზე ავიასაწარმოს ხელმძღვანელს მიმართავს განცხადებით.
4. ავიასაწარმოსა და კანდიდატს შორის წინასახელშეკრულებო ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
5. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია, სადაც დეტალურად უნდა იქნეს ასახული კანდიდატის შრომითი საქმიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განათლების (სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები;
გ) დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასწავლო დაწესებულებიდან (სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი).
6. ავიასაწარმო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში აძლევს მიმართვას კანდიდატს ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით გათვალისწინებული საავიაციო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის (სსსკ) მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის თაობაზე. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის – DOC-8973 (,,უკანონო ჩარევის აქტებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელო“) მე-6 დამატების მე-15 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რაც უნდა აისახოს სსსკ-ის მიერ გაცემულ ცნობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ცნობა ექვემდებარება განახლებას ყოველწლიურად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ცნობის ავიასაწარმოში წარმოდგენის შემდეგ ავიასაწარმო უზრუნველყოფს კანდიდატის მიმართ ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას.
8. ავიასაწარმო უზრუნველყოფს კანდიდატის განცხადებაში აღნიშნული მონაცემების (მათ შორის, ანკეტური) შემოწმებას როგორც განცხადების შემოტანისას, ასევე პერიოდულად – 12 თვეში ერთხელ მაინც.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის შემდეგ ავიასაწარმო კანდიდატთან წერილობით დებს შრომით ხელშეკრულებას განსაზღვრული ვადით. ამ ვადის განსაზღვრის დროს (როგორც წესი – არა უმეტეს 3 თვე) გათვალისწინებულ უნდა იყოს კანდიდატის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოწმობის მიღების ვადები.
მუხლი 4🔗.
საავიაციო უშიშროების სფეროში პერსონალის მომზადება და გადამზადება
1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადით მიღებული თანამშრომელი (შემდგომში – თანამშრომელი) გადის დაწყებით კურსს ICAO-ს მიერ შემუშავებული საავიაციო უშიშროების სასწავლო კურსის საბაზისო პროგრამის (ASTP-123 BASIC) შესაბამისად.
2. დაწყებითი კურსის გავლის მიზანია ისეთი პერსონალის მომზადება, რომელიც ავიასაწარმოს ნორმალურ პირობებში ექსპლუატაციისას საავიაციო უშიშროების სტანდარტული დონის შენარჩუნებას, ხოლო საფრთხის ხარისხის გაზრდის პირობებში საავიაციო უშიშროების ზომების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
3. ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC–8973 (,,უკანონო ჩარევის აქტებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელო“) მე-7 დანართის („საავიაციო უშიშროების საკითხებში სწავლებისა და მომზადების ეროვნული პროგრამა – ტიპური სტრუქტურა“) მე-3 მუხლისა და ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან კადრების მომზადების საკითხებში თანამშრომლობას, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში პერსონალის მომზადებისა და გადამზადების საკითხების კოორდინაციას და ამ წესის მოთხოვნებზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადების ეროვნული კოორდინატორი, რომლის ფუნქციასაც, როგორც წესი, ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
4. ICAO-ს ოფიციალური გამოცემის (DOC–8973) მე-7 დანართის („საავიაციო უშიშროების საკითხებში სწავლებისა და მომზადების ეროვნული პროგრამა – ტიპური სტრუქტურა“) მე-3 მუხლის შესაბამისად, საავიაციო უშიშროების სფეროში, კონკრეტული აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად ავიასაწარმოთა პერსონალის მომზადებისა და გადამზადების საკითხების კოორდინაციის, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, ამ წესის მოთხოვნებზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტში ინიშნება საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადების კოორდინატორი. კოორდინატორს ნიშნავს და მის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს აეროპორტის ხელმძღვანელი.
5. დაწყებითი კურსი, რომლის ხანგრძლივობაა მინიმუმ 72 საათი, მოიცავს:
ა) საერთო აუდიტორულ მომზადებას (მინიმუმ 22 საათი);
ბ) თანამშრომლის სამუშაო ადგილზე ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ პრაქტიკული სწავლების 50-საათიან პერიოდს.
6. საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალმა, დაწყებითი კურსის გავლის დროს უნდა შეისწავლოს მგზავრებისა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მომსახურებისას, აგრეთვე, ავიასაწარმოების ფუნქციონირებისას, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებათა თანმიმდევრობას. დაწყებითი კურსით გათვალისწინებული საერთო აუდიტორული მომზადების დროს შესწავლილი უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ძირითადი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
ბ) უკანონო ჩარევის აქტებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფი საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნები;
გ) საჰაერო ტერორიზმი და მასთან ბრძოლის მეთოდები;
დ) საჰაერო ხომალდისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფა;
ე) იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოცნობა და მათთან მოპყრობის წესები;
ვ) მოქმედებები ტერორისტების მიერ საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდების/გატაცების და მის ბორტზე მძევლების აყვანის შემთხვევაში;
ზ) განსაკუთრებული სიტუაციების (აფეთქება, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შედეგების ლოკალიზაცია.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწყებითი კურსის გავლის შემდეგ ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს თანამშრომლის ყოველდღიურ ინსტრუქტაჟს, მასში შესაბამისი ჩვევების განვითარებას, მისი საქმიანობის შედეგების და შესაძლებლობების მუდმივ შეფასებას.
8. ავიასაწარმოს პერსონალის მიერ, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ცოდნის სრულყოფა მიმდინარეობს ავიასაწარმოში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
9. თანამშრომლები დაწყებით კურსს გადიან „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №221 ბრძანების შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სააგენტოს ან ICAO-ს მიერ აღიარებულ საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრებში.
10. დაწყებითი კურსის დამამთავრებელ ეტაპზე თანამშრომელი გადის სტაჟირებას იმ გამოცდილ და კვალიფიცირებულ სპეციალისტ(ებ)თან, რომლებსაც შეუძლიათ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროს სპეციფიკის ჩვენება, ახსნა, დემონსტრირება.
11. თანამშრომელი, რომელმაც თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს აეროპორტის საკონტროლო-გამტარ პუნქტზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, გადის პროფესიულ მომზადებას, რაც მოიცავს:
ა) საერთო აუდიტორულ მომზადებას – 30 საათი;
ბ) თანამშრომლის სამუშაო ადგილზე ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ პრაქტიკულ სწავლებას – 50 საათი.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე სწავლების პროცესში შესასრულებელი დავალებები უნდა შეესაბამებოდეს საერთო სააუდიტორო სწავლების დროს განვლილ თემებს, როგორიცაა:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემები;
ბ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
გ) მგზავრების, ხელბარგის და ავიასაწარმოს პერსონალის შემოწმება;
დ) პირადი შემოწმება;
ე) რენტგენული დანადგარ(ებ)ი;
ვ) რენტგენული აპარატურის და ფეთქებადი ნივთიერებების აღმოჩენის სისტემების გაცნობა;
ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
13. სამუშაო ადგილზე სწავლების მიზანია თანამშრომლის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების გადასაჭრელად:
ა) სტაციონალური ლითონმძებნის ექსპლუატაცია;
ბ) პორტატული ლითონმძებნის გამოყენება;
გ) მგზავრის თანხმობით პირადი შემოწმება;
დ) ბარგის ხელით შემოწმება;
ე) შემოწმება რენტგენული დანადგარით;
ვ) აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მგზავრთა დაშვების ორგანიზება;
ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
14. დაწყებითი კურსის მსმენელებს სწავლების დასრულების შემდეგ უტარდებათ მიღებული ცოდნის და ჩვევების შეფასება. შეფასების მიზანი მდგომარეობს მსმენელის ცოდნისა და ჩვევების, პროფესიული მომზადების მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობის დადგენაში. ცოდნის შეფასება ხორციელდება წერილობითი ტესტების ან საგამოცდო ბილეთების, ჩვევები კი პრაქტიკული შემოწმების საშუალებით.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული შეფასების მიზნით, სასწავლო დაწესებულებაში იქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი. როგორც წესი, კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) იმ აეროპორტის წარმომადგენელი, რომლის ტერიტორიაზეც ის ავიასაწარმო ფუნქციონირებს, რომლის პერსონალმაც გაიარა მომზადება;
ბ) იმ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, რომლის პერსონალმაც გაიარა მომზადება;
გ) სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი და ინსტრუქტორი;
16. კომისიის წევრების შემადგენლობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
17. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება თანამშრომლის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებითი შეფასების შემთხვევაში ოქმის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თანამშრომელზე/მსმენელზე სააგენტოს მიერ გაიცემა მოწმობა. მოწმობის მოქმედების ვადაა – ერთი წელი. მოწმობის ნიმუში განსაზღვრულია დანართი №3-ით. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში ოქმის გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ თანამშრომელს/მსმენელს უარი ეთქმება მოწმობის გაცემაზე.
18. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად და შესაბამისად კვალიფიკაციის დასადასტურებლად, მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვისა, მოწმობის მფლობელი ვალდებულია თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს წერილობითი ტესტებით ან საგამოცდო ბილეთებით განხორციელებულ შეფასებაში. მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 წლის ვადით. მოწმობის მოქმედების ვადის შემდგომი გაგრძელება ხორციელდება ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ტესტების/ბილეთების ძირითადი საკითხთა ნუსხა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის 26-ე–35-ე პუნქტებით გათვალისწინებული საკითხებით.
19. მოწმობის გაუქმება ნიშნავს მისი გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. მოწმობა უქმდება, თუ მისი მფლობელი არღვევს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკუთარ უფლება-მოვალეობებს, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი. მოწმობის გაუქმების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოწმობის გაუქმების მიზეზ(ებ)ი.
20. ამ მუხლით განსაზღვრული დაწყებითი კურსის გავლისა და შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით დადგენილი კვალიფიკაციის დადასტურების/ მოწმობის გაუქმების შესახებ საბუთები (ან მათი ასლები) ინახება სააგენტოში
21. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი და/ან ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მომზადებას/გადამზადებას გადის ICAO-ს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.
მუხლი 5🔗.
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში სწავლების ძირითადი პროგრამები
1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში სწავლების ძირითადი პროგრამებია:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის დაწყებითი მომზადება, რაც ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) სხვა საავიაციო პერსონალის მომზადება;
გ) დაშვების კონტროლზე პასუხისმგებელი პერსონალის გადამზადება;
დ) მგზავრების, ბარგის, ხელბარგის, ეკიპაჟის წევრების გაფრენისწინა შემოწმების განმხორციელებელი პერსონალის გადამზადება;
ე) საჰაერო ხომალდების გაფრენისწინა შემოწმების უზრუნველმყოფი პერსონალის გადამზადება;
ვ) სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის გადამზადება;
ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ხელმძღვანელი შემადგენლობის მომზადება;
თ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის განმხორციელებელი პერსონალის მომზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს მიერ შემუშავებული და აღიარებული საავიაციო უშიშროების სასწავლო კურსის (AST - 123) შესაბამის პროგრამებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამები შეიმუშავება სასწავლო დაწესებულების მიერ, თანხმდება სააგენტოსთან და მტკიცდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალი წარმოადგენს ავიასაწარმოს ნებისმიერ თანამშრომელს (გარდა საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა), რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აეროპორტის კონტროლირებად ზონაში. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პერსონალმა მომზადება გაიარა AST-123-ის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული აუდიტორული სწავლებით, მაშინ მათზე სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა ცნობა მომზადების გავლის შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-7, მე-8, მე-10, მე-12 და მე-20 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 6🔗.
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირება
1. სერტიფიცირებას ექვემდებარება:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ის პერსონალი, რომელიც ახორციელებს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ნებისმიერი სახის შემოწმებას;
ბ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ავიასაწაროს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსი;
გ) საავიაციო უშიშროების სამსახურის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნტით განსაზღვრული პერსონალი სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული მოწმობის ასლი;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში სააგენტო განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა ერთი წელი. სერტიფიკატის ნიმუში მოცემულია დანართ №4-ში. განმცხადებელს სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქმება, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და მასში დეტალურად უნდა იყოს ასახული უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად და, შესაბამისად, კვალიფიკაციის დასადასტურებლად, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვისა, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს წერილობითი ტესტებით ან საგამოცდო ბილეთებით განხორციელებულ შეფასებაში. ტესტების/ბილეთების ძირითად საკითხთა ნუსხა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ით. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს მისი გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. სერტიფიკატი უქმდება, თუ მისი მფლობელი არღვევს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის თავის უფლება-მოვალეობებს, რამაც გამოიწვია/ შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი. სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოწმობის გაუქმების მიზეზ(ებ)ი.
6. ამ წესის მე-4 მუხლის მე-18 პუნქტით და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ტესტებით ან საგამოცდო ბილეთებით განსახორციელებელი შეფასებისათვის და კვალიფიკაციის დადასტურებისათვის, ავიასაწარმოს ხელმძღვანელი ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმის განცხადებით მიმართავს სააგენტოს. სააგენტოს მიერ წერილობითი ტესტებით ან საგამოცდო ბილეთებით თანამშრომლის კვალიფიკაციის შეფასება ხორციელდება სააგენტოს უფროსის ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 7🔗.
სერტიფიკატში/მოწმობაში ცვლილებების შეტანა. დუბლიკატის გაცემა
1. სერტიფიკატში/მოწმობაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება სერტიფიკატში/მოწმობაში გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში მისი გამცემის მიერ, სერტიფიკატის/მოწმობის მფლობელის ან იმ ავიასაწარმოს განცხადების საფუძველზე, სადაც დასაქმებულია სერტიფიკატის/მოწმობის მფლობელი. სერტიფიკატში/მოწმობაში ცვლილებების შეტანისას გაიცემა ახალი სერტიფიკატი/მოწმობა, ხოლო ძველი ბარდება მის გამცემს.
2. სერტიფიკატის/მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის/მოწმობის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.
3. სერტიფიკატში/მოწმობაში შესწორებების შეტანა ან გადაკეთება, ან სერტიფიკატის/მოწმობის სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.