„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №264
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 04.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№264
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 და 56-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი და სერტიფიკატების ფორმები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს №90 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო და მიზანი
1. საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია საავიაციო სატვირთო ტერმინალის ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
2. წესი განსაზღვრავს საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ნორმებს, პროცედურებს.
3. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტვირთი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი (გადაზიდვას დაქვემდებარებული) ნებისმიერი ქონება, გარდა საბორტო მარაგებისა და თანმხლები ან არასწორად გაგზავნილი ბარგისა;
ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (შემდგომ – ტერმინალი) – ობიექტი, სადაც ხორციელდება ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, შენახვა და გაცემა;
გ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდგომ – ტერმინალის სერტიფიკატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;
დ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემის, ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (DOC 9284-A№/905), ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით.
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებები
1. სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
2. ტერმინალის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, მასში ცვლილებების შეტანას, გაუქმებას და სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასერტიფიკაციო პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
3. მეწარმე იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს სატვირთო ტერმინალის საქმიანობა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული ტერმინალის სერტიფიკატი.
4. სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
5. ტერმინალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6. სააგენტო, სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს დუბლიკატს სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ახორციელებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ამ წესის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლების გარეშე.
8. ტერმინალის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის მომსახურება ხორციელდება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის“ საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
1. განმცხადებელი ტერმინალის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ტერმინალის სერტიფიკატის რომელი სახის მიღებას მოითხოვს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) შენობა-ნაგებობების და/ან მიწის ნაკვეთის (ან მათი ნაწილის), აგრეთვე სხვა ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
გ) ინფორმაცია იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებზე და მექანიზმებზე (ტვირთის ასაწონი მოწყობილობები, საავიაციო უშიშროებაზე ტვირთის შემოწმების ტექნიკური საშუალებები და მოწყობილობები, სპეციალური და თვითმავალი ტვირთამწევი საშუალებები და მექანიზმები, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებები, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთის) საშუალებები), რომლებიც გამოყენებული იქნება ტერმინალში, ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღების, შემოწმების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;
დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლები იმ საავტომობილო ტრანსპორტზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის), ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;
ე) საავიაციო უშიშროების პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელოს“ (DOC 8973/7) მოთხოვნებს;
ვ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირისა და საავიაციო უშიშროების პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები);
ზ) იმ პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები), რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის მომსახურება. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს;
თ) ტერმინალში სახიფათო ტვირთის განლაგების სქემა (სახიფათო ტვირთის მომსახურების შემთხვევაში).
მუხლი 5🔗.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტერმინალი
1. ტერმინალის შენობა-ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი წესებით, ნორმებითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ტრავმებისაგან დაცვის, სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების, ვენტილაციის, სანიტარიის მიმართ).
2. ტერმინალის ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2,44 მეტრი სიმაღლის კაპიტალური მასალით აგებული შემოღობვა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება მჩხვლეტავი მავთულხლართი, გარე განათება, დამცავი სიგნალიზაციის სისტემა და გამაფრთხილებელი ნიშნები;
3. სახიფათო ტვირთის მომსახურება უნდა განხორციელდეს, იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
4. ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს, ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, შემოწმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი შემდეგი საშუალებებით:
ა) სპეციალური და თვითმავალი ავტომტვირთავი;
ბ) თვითმავალი ურიკები ტვირთის ტრანსპორტირებისათვის;
გ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო ავტოტრანსპორტი;
დ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სპეცავტოტრანსპორტი (ტვირთის კონტეინერული გადაზიდვების შემთხვევაში);
ე) იზოლირებული ფართი სახიფათო ტვირთის მომსახურებისათვის;
ვ) სპეციალური იზოლირებული ოთახი ან განცალკევებული ნაგებობა რადიოაქტიური ნივთიერებების მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რადიოაქტიური სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა(ები), რომლებიც საჭიროა ტერმინალის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
თ) კავშირგაბმულობის საშუალებები ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად;
ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, ტვირთის შესამოწმებელი სპეციალური მოწყობილობა (სტაციონარული და პორტატიული) და სხვა ტექნიკური საშუალებები.
5. ტერმინალის სპეცავტოტრანსპორტი, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები, აეროდრომის ტერიტორიაზე აღჭურვილი უნდა იყოს გაბარიტული და ციმციმა შუქებით, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინაღო და ბუქსირების საშუალებებით.
6. ტერმინალის ფუნქციონირებას უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადებისა და სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებით დადგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) საავიაციო უშიშრობის უზრუნველმყოფი კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული პერსონალი.
7. ტერმინალში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასაშვო და შიდა საობიექტო რეჟიმი.
მუხლი 6🔗.
განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა, ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება
1. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განცხადების, მასზე თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია ადგილზე ეცნობა ტერმინალის ფაქტობრივ მდგომარეობას.
4. ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების შედეგების შესახებ სასერტიფიკაციო კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს დირექტორს. სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნა შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
5. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სასერტიფიკაციო კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზე უარყოფითი შეფასება იქნა მიღებული.
6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. განმცხადებელს უფლება აქვს სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ ვადებში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს. სასერტიფიკაციო კომისია განმცხადებლის ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში.
მუხლი 7🔗.
გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა
1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს შესაბამისი სახის ტერმინალის სერტიფიკატს.
2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. სააგენტოს გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტერმინალის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
მუხლი 8🔗.
სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ტერმინალის სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს (სასერტიფიკაციო მოთხოვნებს);
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.
3. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელმა ამ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტა;
ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, სერტიფიკატის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება ერთი თვის ვადით გააგრძელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობა სააგენტოს ზედამხედველობით.
მუხლი 9🔗.
სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ტვირთის/ სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;
ბ) მოითხოვოს ტერმინალის საქმიანობის შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
2. ტერმინალის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:
ა) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;
ბ) გადასცეს შესაბამის სამსახურს მონაცემები საჰაერო ხომალდის კომერციული დატვირთვის გასაანგარიშებლად;
გ) შეინარჩუნოს ტერმინალი, მისი მოწყობილობები და დანადგარები სასერტიფიკაციო მოთხოვნების დონეზე;
დ) არ დაუშვას სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა;
ე) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეავსოს ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაცია;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გააჩნდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა;
თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 10🔗.
სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრი
1. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
2. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში შეიტანება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების და განახლების, აგრეთვე სერტიფიკატში ცვლილებების შეტანის და სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები.
3. ტერმინალების სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა.
დანართი №1
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
საავიაციო სატვირთო ტერმინალის
სერტიფიკატი №000
(სხვა პირზე გადაცემას და/ან გაყიდვას არ ექვემდებარება)
ამით დასტურდება, რომ ----------------------------------------------------------------- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების მოთხოვნებს.
სერტიფიკატის მფლობელს უფლება ეძლევა განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი _____________________________
--------------------------------------------------------- ბ.ა.
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
დანართი №2
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
საავიაციო სატვირთო ტერმინალის
სერტიფიკატი №000
(სხვა პირზე გადაცემას და/ან გაყიდვას არ ექვემდებარება)
ამით დასტურდება, რომ -------------------------------------------------------------- აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების მოთხოვნებს.
სერტიფიკატის მფლობელს უფლება ეძლევა განახორციელოს ტვირთის (გარდა სახიფათო) მიღება, დამუშავება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი ___________________
------------------------------------------------------ ბ.ა.
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა