სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 15.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1916-რს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 27 დეკემბერი 2013 წ. N1916-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 15.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება (თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
27 დეკემბერი 2013 წ.
N1916-რს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ დებულებით განსაზღვრულია „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის (შემდგომ − კომისია) ამოცანები, შემადგენლობა, უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები.
2. კომისიის საქმიანობის საფუძველია კონსტიტუციონალიზმის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
3. კომისია მოქმედებს კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები
კომისიამ კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლითაც:
ა) გაიზრდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები;
ბ) გაუმჯობესდება ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორებისა და ურთიერთქმედების მოდელი;
გ) დაიხვეწება დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონსტიტუციური სტატუსი და ფუნქციები;
დ) მოწესრიგდება ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დღემდე დარჩენილია კონსტიტუციური რეგულირების მიღმა;
ე) დამკვიდრდება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული მოდელი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას და კონსტიტუციურ საკითხებზე პოლიტიკური კრიზისების თავიდან აცილებას;
ვ) აღმოიფხვრება საქართველოს კონსტიტუციის ტექსტის ხშირი ცვლილებით გამოწვეული შეუსაბამობები და ტექნიკური ხარვეზები.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საპარლამენტო ფრაქციების და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არაუმეტეს 20 წევრისა;
ბ) იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არის პარლამენტში წარმოდგენილი;
გ) იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომლის მიერ დასახელებულმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის ხმები მიიღო;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ე) სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის ექსპერტ-სპეციალისტები, მათ შორის, ამ სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, − არაუმეტეს 20 წევრისა.
2. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
3. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა 10%-ზე მეტით შემცირდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრობის კანდიდატებს.
მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს და სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;
გ) კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტიზისათვის მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის, საერთაშორისო კონსულტანტები;
დ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შუალედური შედეგები და ანგარიშები;
ე) კომისიის ან მისი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოიწვიოს სახელმწიფო თანამდებობის პირები;
ვ) განსახილველ საკითხებზე ჩაატაროს კონფერენციები, სემინარები, გამართოს დებატები.
მუხლი 5🔗. კომისიის სტრუქტურა
1. კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები.
2. კომისიის სტრუქტურული ერთეულებია კომისიის სამუშაო ჯგუფები, კომისიის სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.
მუხლი 6🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის სამუშაო ჯგუფების, სარედაქციო საბჭოს და აპარატის საქმიანობას;
გ) იწვევს და უძღვება კომისიისა და მისი სარედაქციო საბჭოს სხდომებს;
დ) უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოგვარებას;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს და კომისიის სხვა დოკუმენტაციას;
ვ) ამტკიცებს კომისიის ბიუჯეტს და კომისიის აპარატის საშტატო განრიგს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულებას ავალებს კომისიის რომელიმე წევრს.
მუხლი 7🔗. კომისიის მდივანი
1. კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
2. კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს კომისიის, მისი სამუშაო ჯგუფებისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მათი ოქმების წარმოებას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას;
გ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის აპარატის საშტატო განრიგს და ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს;
დ) კოორდინაციას უწევს მოწვეული ექსპერტების საქმიანობას;
ე) პასუხისმგებელია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ტექსტის ავთენტიკურობისთვის.
3. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი გადადგომის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.
მუხლი 8🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფი
1. კომისიის წევრთაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.
2. კომისიის წევრი საკუთარი სურვილით ხდება კომისიის ერთი ან ორი სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
4. კომისიის ძირითადი სამუშაო ჯგუფებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა;
ბ) საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა;
გ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა;
დ) დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა;
ე) ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების გარდა, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას დროებითი თემატური ჯგუფები კონკრეტული კომპლექსური საკითხების დასამუშავებლად.
მუხლი 9🔗. კომისიის სარედაქციო საბჭო
1. კომისიის სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები.
2. კომისიის სარედაქციო საბჭო:
ა) ისმენს კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელთა მოხსენებებს სამუშაო ჯგუფებში საკითხების განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ზოგად კოორდინაციას;
გ) რედაქციულად ამზადებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საბოლოო ტექსტს და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.
მუხლი 10🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის აპარატის მოწვეულ სპეციალისტებთან შრომით ხელშეკრულებებს კომისიის მდივნის წარდგინებით დებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. კომისიის აპარატი:
ა) ადგენს კომისიის, მისი სარედაქციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ოქმებს;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;
გ) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიის, მისი სარედაქციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების სხდომების თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 1 კვირისა;
დ) უზრუნველყოფს კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 11🔗. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია კომისიის სხდომა, სამუშაო ჯგუფის სხდომა და სარედაქციო საბჭოს სხდომა.
2. კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ 2 თვეში ერთხელ მაინც.
3. სარედაქციო საბჭოს სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომას სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იწვევს საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც.
5. კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის ვებგვერდი, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია კომისიის, მისი სამუშაო ჯგუფებისა და სარედაქციო საბჭოს სხდომების განრიგისა და დღის წესრიგის თაობაზე, სხდომების ოქმები, მომზადებული პროექტები, სპეციალისტთა ანალიტიკური წერილები და წინადადებები, პროექტების საჯარო განხილვების შედეგები.
6. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის უზრუნველსაყოფად კომისიის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
7. კომისიის, სამუშაო ჯგუფის, სარედაქციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება შესაბამისად კომისიის, სამუშაო ჯგუფის, სარედაქციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო სხვა საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9. კომისიის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
10. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემა.
11. კომისიის სხდომის ოქმსა და სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
12. კომისიის წევრს უფლება აქვს, კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკითხზე ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს კომისიის სარედაქციო საბჭოს, შემდეგ − კომისიას. წერილი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის სხდომამდე არაუგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი წინადადების კენჭისყრამდე.
მუხლი 12🔗. კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო
1. კონსტიტუციური და ქვეყნის განვითარების სხვა სტრატეგიული საკითხების ჰარმონიზაციის მიზნით იქმნება კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭო.
2. კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს წევრებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს 3 თვეში ერთხელ მაინც. კომისიის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს კომისიის თავმჯდომარე მართავს საჭიროებისამებრ.
მუხლი 13🔗. კომისიის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური სახსრები გამოიყოფა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
2. კომისიასა და მის აპარატს სამუშაო ფართობითა და ინვენტარით უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატი.
მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულება
კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ დებულების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.