საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №405 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი |
|
ზოგადი დებულებანი
აღნიშნული დებულება განსაზღვრავს საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის, საკონსულო დაწესებულებათა მეთაურებისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა ფუნქციების შესასრულებლად დაშვების წესებს.
აღნიშნული დებულების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე იმ საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც მეთაურობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
ბ) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;
გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს, როგორც ასეთმა;
დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც დავალებული აქვს შეასრულოს საკონსულო ფუნქციები;
ე) „საკონსულოს მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს ასრულებს საკონსულო დაწესებულებებში;
ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას;
ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულოს თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
თ) „საკონსულო პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
ი) „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ კერძო სამსახურშია საკონსულო დაწესებულების მუშაკთან;
კ) „ეგზეკვატურა“ _ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხმობა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების დაწყების თაობაზე;
ლ) „საკონსულო პატენტი“ _ დოკუმენტი, რომელიც გაიცემა წარმდგენი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ადასტურებს საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნას, განსაზღვრავს საკონსულო ოლქის ფარგლებსა და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს.
საკონსულო დაწესებულების გახსნა
საქართველოში უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებები იხსნება საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზე.
საკონსულო დაწესებულება გახსნილად მიიჩნევა საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის გაგზავნილი თანხმობის შემდეგ.
საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და დაშვება ფუნქციების შესასრულებლად
საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა ხდება ,,საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, საქართველოს ორმხრივი საკონსულო შეთანხმებისა და მოცემული დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის საკონსულო დაწესებულების მეთაურად ამა თუ იმ პირის დანიშვნის თაობაზე შესაბამის ნოტას, რომელსაც ერთვის საკონსულოს მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები.
გადაწყვეტილებას საქართველოში უცხო სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის დაშვების თაობაზე ბრძანებით იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის მიღების შემდეგ წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს საკონსულო მეთაურის დასანიშნად. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი.
1. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ეგზეკვატურის გაცემის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ეგზეკვატურის ფორმას ადგენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მას ხელს აწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და ის მოწმდება გერბიანი ბეჭდით.
3. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დაწესებულების მეთაურს შესაძლებელია მიეცეს თანხმობა დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის გაცემამდე.
4. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწესებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.
5. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.
6. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად დიპლომატიური პერსონალის წევრისგან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საკონსულო პატენტი და, შესაბამისად, გაიცეს ეგზეკვატურა:
ა) გამომდინარე ნაცვალგების პრინციპიდან;
ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში.
საკონსულო დაწესებულების გახსნასა და საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ, თუნდაც დროებით, თავისი ოფიციალური ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულებამ და მეთაურმა შეძლოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.
თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება, და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესის თანახმად მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრება საქართველოში აკრედიტებულ წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულო მოსამსახურეს ან წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:
ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;
ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;
გ) იმ საკონსულო დაწესებულების მუშაკების ან კერძო შინამუშაკების დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა.
2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად დროულად.
1. საქართველოში აკრედიტებული საკონსულო დაწესებულების თანამშრომლობაზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, გაიცემა მათი პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.