,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №115
2004 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III,, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლი.
3. მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი”.
4. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიზაციას;
ბ) ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტებას სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.“.
მუხლი 2
დადგენილების 1-ლი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, მე-2 პუნქტი – 2005 წლის 13 იანვრიდან, მე-3 და მე-4 პუნქტები – გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია