„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVIII2 თავი:
„თავი XVIII2
სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
მუხლი 1097. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება
1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან ოცდაათი დღის ვადაში.
2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ აღსრულდება. დაპატიმრებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები საამისოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4210–რს