სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების იჯარის ფორმით გაცემისათვის აუქციონის საწყისი საიჯარო ქირისა და აუქციონის პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №761
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების იჯარის ფორმით გაცემისათვის აუქციონის საწყისი საიჯარო ქირისა და აუქციონის პირობების განსაზღვრის შესახებ
1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობები გასცეს აუქციონის წესით, იჯარის ფორმით.
2. სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემა განხორციელდეს თანდართული პირობებით.
3. იჯარის ფორმით გასაცემი თითოეული ლოტი განისაზღვროს 19-22 ერთეულით.
4. თითოეულ ლოტზე აუქციონის საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 60 000 (სამოცი ათასი) ლარით.
5. საიჯარო ქირის გადახდის საანგარიშო წელი განისაზღვროს 1 სექტემბრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდით.
6. ს აქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების განხორციელების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის პირობები
აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემას ექვემდებარება სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის რიგ საჯარო სკოლებში არსებული ფართობები შემდეგი პირობებით:
ა) საიჯარო ფართობის რემონტი;
ბ) ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის განმხოლოება (მრიცხველის დამონტაჟებით);
გ) სანიტარიული ნორმების დაცვა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ნორმების შესაბამისად);
დ) ფართობის შესაბამისი ინვენტარით მოწყობა (მაგიდები, სკამები, დახლ-მაცივრები და სხვ.), რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
ე) მენიუ, ჯანსაღი დაბალანსებული კვების რაციონით, რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
ვ) საკვების ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს;
ზ) სასადილო უნდა აღიჭურვოს მინიმუმ ორი საბანკო ტერმინალით (POSS წამკითხველით);
თ) ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელობითი პლასტიკური ბარათებით;
ი) აუქციონში გამარჯვებულ ორგანიზაციას უფლება აქვს გააკეთოს საკანცელარიო ნივთების რეალიზაციის წერტილი და განათავსოს წიგნები; ასევე, განათავსოს რეკლამა;
კ) პლასტიკური ბარათებით მომსახურება უნდა განხორციელდეს უფასო ტრანზაქციით;
ლ) იჯარის ვადა – 5 წელი;
მ) უნდა დამზადდეს სახელობითი პლასტიკური ბარათები შესაბამისი საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისა და სკოლაში მომუშავე პერსონალისათვის; დაკარგვის შემთხვევაში, პლასტიკური ბარათის დამზადება იქნება ფასიანი;
ნ) პლასტიკური ბარათები დამატებითი რაოდენობით უნდა დამზადდეს სტუმრისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის;
ო) მოსწავლის პლასტიკურ ბარათზე თანხის შევსება მშობლის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტით, მობილური ტელეფონისა და სწრაფი გადახდის აპარატების (კომუნალური ჯიხურები) საშუალებით;
პ) საჯარო სკოლის ყველა შესასვლელში ტურნიკეტების (სულ მცირე – 3) დაყენება და მოსწავლეთა აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა;
ჟ) Sms-ების გაგზავნა (სკოლის შენობაში მოსწავლეთა შესვლა-გასვლისას) მშობლებისათვის, სურვილის არსებობის შემთხვევაში.