განჩინება შპს ”ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი”-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2602 -14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლი ს 24 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) - დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” დირექტორის - შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049) წარმოადგენს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის განმარტებით, შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” (ს/კ 205176049) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება დავალიანება 17 034,72 (ჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი მთელი, სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დებიტორული დავალიანება ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც შეადგენს 2 657,18 (ორი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარს. ორგანიზაციას სხვა კრედიტორები და დებიტორები არ ჰყავს. განმცხადებლის განმარტებით, მოვალის აქტივის განმსაზღვრელი ერთადერთი ნივთია მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: „IZH 2715011-01”, სახელმწიფო ნომერი:TST-641, ძრავის ნომერი: 6001837, რომელიც დაყადაღებულია და მისი ღირებულება შეადგენს 600 (ექვსას) ლარს.განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და, ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრ ს” უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ი მა ვე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს 2014 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ანგარიშსწორების ანგარიში არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013წლის 07 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომ შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” ბალანსზე ერიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალება: „IZH 2715011-01”, სახელმწიფო ნომერი:TST-641, ძრავას ნომერი: 6001837, რომელიც დაყადაღებულია. წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტის თანახმად, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 600 ლარს. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26სექტემბრის ცნობის თანახმად, შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით,მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ი მა ვე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” აქტივები ჯამში შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარგანჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში -მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრს” (ს/კ 205176049) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” (ს/კ 205176049) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი” (ს/კ 205176049) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალ ის შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის” (ს/კ 205176049) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 201 4წლის 2 8 თებერვლისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ა.დ.პ თბილისი 2006 - ნიადაგის და სურსათის ექსპერტიზის ეროვნულმა ცენტრმა” (ს/კ 205176049).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ .სისვაძე