1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ:

ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;

გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დაკავების საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემდეგ იგი ამ კანონის 642 მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025