საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა ტრენინგის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1182
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა ტრენინგის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის 1.7.2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა ტრენინგის მექანიზმი“.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებთან და თვითმმართველ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და თვითმმართველი ერთეულების საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2013 წლის გეგმა.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მოამზადოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი სასწავლო პროგრამები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა
ტრენინგის მექანიზმი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა ტრენინგის მექანიზმის (შემდგომში – ტრენინგის მექანიზმი) მიზანია შექმნას მეთოდოლოგიური საფუძვლები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების (შემდგომში – დაწესებულება) საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელეთა) სწავლების საჭიროებების განსაზღვრის, კვალიფიკაციის ამაღლების დაგეგმვის, სწავლების ორგანიზებისა და ტრენინგების ეფექტიანობის შეფასებისათვის.
თავი I. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების
საჭიროებათა განსაზღვრის სისტემა
მუხლი 1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა
განსაზღვრის (დიაგნოსტიკის) მიზნები და პრინციპები
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა განსაზღვრის (დიაგნოსტიკის) მიზნებია:
ა) ტრენინგის საკითხების განსაზღვრა;
ბ) კატეგორიების მიხედვით იმ მოხელეთა სიის განსაზღვრა, რომლებიც საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) დაწესებულების ან/და სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის პრობლემური ზონების განსაზღვრა (ექსპრესდიაგნოსტიკა);
დ) ექსპრესდიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით მოხელეთა მიზნობრივი ჯგუფების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
ე) კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების მქონე მოხელეთა საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და სირთულეების შესწავლა;
ვ) ტრენინგის დეტალური პროგრამის შედგენა.
2. მოხელეთა სწავლების საჭიროებათა განსაზღვრისა და კვალიფიკაციის ამაღლების ძირითადი პრინციპებია:
ა) ვალდებულებითი ხასიათი;
ბ) პერიოდულობა;
გ) მიზანმიმართულობა.
3. მოხელეთა სწავლების საჭიროებათა განსაზღვრისა და კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულებითობა გამომდინარეობს მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მისთვის დაკისრებულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებიდან.
4. მოხელეთა ტრენინგის პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების სპეციფიკას, უზრუნველყოფდეს მოხელის მიერ მისი პროფესიული საქმიანობის სპეციალიზაციიდან გამომდინარე საჭირო ცოდნის მიღებასა და შესაბამისი უნარ‑ჩვევების გამომუშავებას.
5. ტრენინგი ხორციელდება სამუშაოსგან მოწყვეტით, სამუშაოსგან მოწყვეტის გარეშე ან ნაწილობრივ მოწყვეტით.
6. კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოხელისადმი დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე.
7. მოხელეთა ტრენინგი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დაქირავებული ტრენერების ან ცენტრის დაკვეთის საფუძველზე სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ.
8. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ცენტრი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახურთან ერთად.
მუხლი 2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების
საჭიროებათა განსაზღვრის მეთოდები
მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა განსაზღვრის მეთოდებია:
ა) მოხელის პირად საქმეში არსებული ინფორმაციის შეფასება (მოხელის შრომის სტაჟი, გამოცდილება, სპეციალობა, განათლება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გავლა და ა.შ.);
ბ) მოხელეთა ატესტაციის შედეგების ანალიზი;
გ) მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაო გეგმების ანალიზი;
დ) მოხელეთა პროფესიული საქმიანობის მონიტორინგი და საქმიანობის შემაფერხებელი პრობლემების ანალიზი;
ე) კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ ხელმძღვანელი პირებისა და თავად მოხელეებისგან შემოსული განცხადებების შეკრება და ანალიზი;
ვ) გარეგანი ფაქტორებით (საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი სტანდარტები, ახალი ტექნოლოგიები) გამოწვეული მოხელეთა საქმიანობის ცვლილებათა ანალიზი;
ზ) ინტერვიუ ან კონსულტაცია დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
თ) ინტერვიუ მოხელეებთან;
ი) წინასატრენინგო ანკეტა ან კითხვარი;
კ) ექსპერტული შეფასება.
მუხლი 3. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების
საჭიროებათა განსაზღვრის ტიპები
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა განსაზღვრის ტიპებია:
ა) გეგმური;
ბ) არაგეგმური.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა გეგმური განსაზღვრა არის ყოველწლიური. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა გეგმური განსაზღვრა იწყება ყოველი წლის 1 თებერვლიდან და მთავრდება 1 სექტემბერს. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა გეგმურ განსაზღვრას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახური.
3. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა არაგეგმური განსაზღვრა ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია გარეგანი ფაქტორებით (საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი სტანდარტები, ახალი ტექნოლოგიები) განპირობებულ მოხელის სამუშაოს ხარისხობრივ და/ან რაოდენობრივ ცვლილებასთან. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა არაგეგმურ განსაზღვრას უზრუნველყოფს ცენტრი საკუთარი ინიციატივით ან დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახურის წინადადებით.
მუხლი 4. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების
საჭიროებათა ანალიზი
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა ანალიზისას ხდება გამოვლენილი საჭიროებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების რაოდენობრივი შეფასებისას დგინდება მოხელეთა რაოდენობა, რომელთაც სჭირდებათ ერთგვაროვანი თემატიკის კვალიფიკაციის ამაღლება, ხოლო კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების ხარისხობრივი შეფასებისას განისაზღვრება ის თემები, რომლებზეც საჭიროა ტრენინგების ჩატარება.
3. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პრიორიტეტული მიმართულებები და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები (დისტანციური სწავლება, სტაჟირება, ერთჯერადი სემინარი, ტრენინგი სამუშაოდან მოწყვეტის გარეშე, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი სწავლება სამუშაოდან მოწყვეტით).
4. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა ანალიზს ატარებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახური. ანალიზი იწყება 1 სექტემბერს და მთავრდება 1 ოქტომბრისთვის.
II. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება
მუხლი 5. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დაგეგმვა
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების დაგეგმვის პროცესი მოიცავს:
ა) მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თემატიკის დეტალურ განსაზღვრას;
ბ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოხელეთა სიის შედგენას;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების ფორმების დადგენას;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების სავარაუდო ვადების განსაზღვრას.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის პროექტს ადგენს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახური.
3. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის პროექტი ეგზავნება ცენტრს ყოველი წლის 15 ოქტომბრამდე. ცენტრი, მიღებული პროექტების საფუძველზე, ყოველი წლის 1 ნოემბრამდე ადგენს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მომავალი წლის გეგმას. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების წლიურ გეგმას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. დამტკიცებული გეგმა ყოველი წლის 15 ნოემბრამდე ეგზავნებათ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
4. დაწესებულების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმას, ცენტრის მიერ დამტკიცებული მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის გათვალისწინებით, ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. დაწესებულების მიერ დამტკიცებული მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმით განსაზღვრული ის საკითხები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული ცენტრის მიერ დამტკიცებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმაში, ხორციელდება უშუალოდ დაწესებულების მიერ.
მუხლი 6. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზება მოიცავს:
ა) ტრენინგის მიმწოდებელთა შერჩევას;
ბ) მოხელეთა ინფორმირებას, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმიდან გამომდინარე, ტრენინგის ჩატარების დროისა და ვადების შესახებ;
გ) კვალიფიკაციის ამაღლებას დაქვემდებარებულ მოხელეთა ინფორმირებას დისტანციური სწავლების შესაძლებლობის შესახებ;
დ) მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნის ორგანიზებას;
ე) იმ ტრენინგების ორგანიზებას, რომლებიც ტარდება უშუალოდ დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას უზრუნველყოფს ცენტრი და/ან დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახური.
3. ცენტრის მიერ დამტკიცებული მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების წლიური გეგმით გათვალისწინებული ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსება ხდება ცენტრის ან ცენტრის მიერ მოზიდული სახსრებით, ხოლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტრენინგები და მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გატარებული სხვა ღონისძიებები ფინანსდება დაწესებულების ბიუჯეტიდან.
მუხლი 7. ტრენინგის მიმწოდებლის კრიტერიუმები
ტრენინგის მიმწოდებელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, ან სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი 8. ცენტრის საქმიანობა მოხელეთა სწავლების
საჭიროებების განსაზღვრისა და კვალიფიკაციის
ამაღლების ორგანიზების საკითხებში
მოხელეთა სწავლების საჭიროებათა განსაზღვრისა და მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის მიზნით ცენტრი:
ა) კონსულტაციას უწევს და ეხმარება დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახურს მოხელეთა სწავლების საჭიროებათა განსაზღვრაში; ამზადებს და აწვდის მათ შესაბამის მეთოდოლოგიურ მასალებს;
ბ) დაწესებულებებიდან გამოგზავნილი კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის პროექტების საფუძველზე ადგენს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების წლიურ გეგმას;
გ) დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) წლიური გეგმისა და მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს სწავლების თემატიკას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
ე) ორგანიზებას უწევს მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი დისტანციური სწავლების კურსების მომზადებასა და ჩატარებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს სახელმწიფო შესყიდვას მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების წლიური გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ჩასატარებლად. აფორმებს ხელშეკრულებებს ტრენერებთან ან/და სასწავლო დაწესებულებებთან;
ზ) აანალიზებს სწავლების პროცესს; ადგენს და ცენტრის ვებგვერდზე აქვეყნებს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაში მონაწილე ტრენერთა და სასწავლო დაწესებულებათა სარეიტინგო სიას.
III. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები და სახეები
მუხლი 9. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ფორმებია:
ა) სწავლება;
ბ) სტაჟირება;
გ) დისტანციური სწავლება.
2. სწავლება შეიძლება განხორციელდეს სამუშაოსგან მოწყვეტით ან სამუშაოსგან მოწყვეტის გარეშე.
მუხლი 10. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლების სახეები
1. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლების სახეებია:
ა) სპეციალიზებული სემინარი (არა უმეტეს 6 სასწავლო საათისა);
ბ) მოკლევადიანი ტრენინგი (არა უმეტეს 20 სასწავლო საათისა) – თემატური სწავლება პროფესიული საქმიანობის კონკრეტულ საკითხებზე;
გ) საშუალოვადიანი ტრენინგი (20‑იდან 50 სასწავლო საათამდე) – თემატური სწავლება შესაბამისი სფეროს პრობლემურ საკითხებზე;
დ) გრძელვადიანი ტრენინგი (50 სასწავლო საათზე მეტი) – სწავლება, რომელიც მიმართულია შესაბამისი სფეროს აქტუალური პრობლემების კომპლექსური შესწავლისაკენ.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებათა ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი, ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული კვალიფიკაციის ამაღლების წლიური გეგმის ფარგლებში. ცენტრის გეგმით გაუთვალისწინებელ სწავლებათა ჩატარებას დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახური.
3. ცენტრის სახსრებით მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრის მიერ დაქირავებული ტრენერების ან ცენტრის დაკვეთის საფუძველზე, სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
4. ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახურის მიერ მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ხორციელდება დაწესებულების მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისად, დაქირავებული ტრენერების ან მისი დაკვეთის საფუძველზე, სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
5. მოხელის მიერ კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმ პროგრამის გავლისათვის, რომელიც მოიცავს 18 სასწავლო საათზე მეტს, ცენტრის და/ან სასწავლო დაწესებულების მიერ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
6. მოხელის მიერ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი სწავლება შესაბამისი შეფასებით აისახება მოხელის პირად საქმეში.
მუხლი 11. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტაჟირება
1. სტაჟირების მიზანია მოხელის პროფესიული უნარ‑ჩვევების სრულყოფა, თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლება, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით გამყარება.
2. სტაჟირება შეიძლება იყოს როგორც კვალიფიკაციის ამაღლების დამოუკიდებელი სახე, ისე კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამის ნაწილი.
3. მოხელის სტაჟირება შეიძლება განხორციელდეს როგორც იმავე დაწესებულებაში, ასევე სხვა დაწესებულებაში გაგზავნით (მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ).
4. მოხელის მიერ სტაჟირების გავლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის (კადრების) სამსახურის წინადადებით.
5. მოხელის მიერ სტაჟირების გავლის შესახებ შეფასებას აკეთებს შესაბამისი დაწესებულების (სტრუქტურული ერთეულის) ხელმძღვანელი, რომელიც აისახება მოხელის პირად საქმეში.
მუხლი 12. კვალიფიკაციის ასამაღლებელი
დისტანციური სწავლება
1. დისტანციური სწავლება წარმოადგენს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ფორმას, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს სწავლება სამუშაო ადგილზე ტრენერთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
2. მოხელის დისტანციურ სწავლებას, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების წლიური გეგმიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ცენტრი.
3. მოხელის მიერ დისტანციური სწავლების გავლა მთავრდება სავალდებულო გამოცდის ჩაბარებით. გამოცდის შედეგები აისახება მოხელის პირად საქმეში.
IV. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შეფასება
მუხლი 13. ტრენინგის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შეფასების კრიტერიუმებია:
ა) ეფექტიანობა;
ბ) მოცულობა;
გ) დანახარჯები.
2. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტიანობის შეფასება ხდება:
ა) ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასებით – ტრენინგის მონაწილეები ავსებენ ანკეტას, რომლითაც აფასებენ ჩატარებული ტრენინგის საჭიროებას, მნიშვნელობას, ტრენერის კვალიფიკაციას, მიღებული ცოდნის ეფექტიანობას;
ბ) ტრენინგის შემაჯამებელი ტესტირების შედეგებით – ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება, რომლითაც დგინდება ტრენინგის მონაწილეთა მიერ მასალის ათვისების დონე.
3. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მოცულობის შეფასება ხდება:
ა) ტრენინგში მონაწილე მოხელეთა რაოდენობის მიხედვით;
ბ) ტრენინგზე განხილული საკითხების რაოდენობის მიხედვით;
გ) ტრენინგის სასწავლო საათების რაოდენობის მიხედვით.
4. მიღებული შეფასებები თავს იყრის ცენტრში, რომლის საფუძველზეც ცენტრი ადგენს და ცენტრის ვებგვერდზე აქვეყნებს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაში მონაწილე ტრენერებისა და სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიურ რეიტინგს.