ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის მერის ბრძანება №9 |
|
2014 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
|
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის
საკადრო რესურსების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის (შემგომში - ადმინისტრაცია) საკადრო რესურსების სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ა) ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზება;
ბ)საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერის და ადმინისტრაციის უფროსის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან თანამშრომლობა კონკურსის ან/და ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით;
დ) ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და შვებულების შესახებ შესაბამისი განკარგულებების პროექტების მომზადება;
ე) ქ.თბილისის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეების, ქ. თბილისის რაიონის გამგებლების, ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და უკვე არსებულ შრომის წიგნაკებში სათანადო ჩანაწერების შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
ვ) ადმინისტრაციაში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების, კანონით დადგენილ ვადებში განხილვა და მათზე რეაგირება სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამსახურის პერსონალის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით;
ი)ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განსაზღვრა; ამ პროგრამების მომზადებისა და რეალიზების საჭიროების განსაზღვრა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;
კ)კონსულტაციების გაწევა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეებისათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ლ) ხელმძღვანელობასთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებისა და დახვეწის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის პერიოდულად მიწოდება;
მ) საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ, ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად.
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად უფლებამოსილია:
ა) შექმნას პერსონალის მართვის საქმიანობის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნიკისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის) გამოყენებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის პროცესში, თანამდებობებზე დასანიშნად;
გ)მოითხოვოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი წარდგენა;
დ) შეიმუშაოს წინადადებები თანამშრომელთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ და მოამზადოს სათანადო დოკუმენტაცია ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ე) ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები ქ. თბილისის მერიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შესაბამისი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების ორგანიზების მიზნით;
ვ) კონსულტაციები გაუწიოს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ზ) გაეცნოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის უცხო ქვეყნების გამოცდილებას, პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა;
თ) პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების საკითხში კოორდინირება და მეთოდურ - პრაქტიკული დახმარება გაუწიოს ქალაქ თბილისის რაიონულ გამგეობებს, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს და მოსთხოვოს მათ შესაბამისი ინფორმაცია.
სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2.სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
დ) იძლევა სამსახურეობრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის ზედამხედველობას;
ე) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
ვ) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სახელმწიფო სტრუქტურებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
თ) უზრუნველყოფს სამსახურში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილების და განხილვის პროცესს;
ი) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ლ) პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
მ) ადმინისტრაციის უფროსს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ნ)ასრულებს ქალაქ თბილისის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის), მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5.
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში;
ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს;
ბ) სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.