საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.04.2014
ძალის დაკარგვა 04.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016525
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№18
2014 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) (შემდგომში – „სმართ ლოჯიქი“) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. „სმართ ლოჯიქი“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრე.
2. „სმართ ლოჯიქი“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. „სმართ ლოჯიქი“ საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. „სმართ ლოჯიქს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. „სმართ ლოჯიქი“ ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. „სმართ ლოჯიქის“ იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24ა.
მუხლი 2🔗. „სმართ ლოჯიქის“ მიზნები და ფუნქციები
1. „სმართ ლოჯიქის“ მიზნებია:
ა) სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი;
გ) ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გაწეული ხარჯების მინიმიზაციას;
დ) ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
ვ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
ზ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.
2. „სმართ ლოჯიქის“ ფუნქციებია:
ა) მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
გ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;
დ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათი ვებგვერდების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ვ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება, აგრეთვე სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება;
თ) მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა, ინტერნეტმომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;
ი) მომსახურების მიმღები დაწესებულებების ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების მიმღები დაწესებულებების მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მომსახურების მიმღები დაწესებულებების პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. „სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურა
„სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი;
გ) სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური სამსახური.
მუხლი 4🔗. „სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებ დაწესებულებებში შექმნილ და არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების შეტანას და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
2. ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებ დაწესებულებებში უკვე არსებული კომპიუტერული სერვისების მხარდაჭერას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
3. სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გლობალური ქსელის და სერვერების, რომლებზეც მუშაობს უკვე დანერგილი პროგრამები, გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
4. ეკონომიკური სამსახური უზრუნველყოფს „სმართ ლოჯიქის“ საფინანსო-ეკონომიკური, სახელმწიფო შესყიდვების, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას, ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კოორდინაციას, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელებას, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებას, აგრეთვე, კვარტალური და წლიური ბალანსების, აგრეთვე, ფინანსური ანგარიშების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას.
მუხლი 5🔗. „სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობა
1. „სმართ ლოჯიქს“ ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „სმართ ლოჯიქის“ დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
3. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოადგილე.
მუხლი 6🔗. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორი
„სმართ ლოჯიქის“ დირექტორი:
ა) წარმოადგენს „სმართ ლოჯიქს“ დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს „სმართ ლოჯიქის“ საქმიანობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „სმართ ლოჯიქის“ თანამშრომლებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს „სმართ ლოჯიქის“ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) „სმართ ლოჯიქის“ თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს „სმართ ლოჯიქში“ მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
კ) ამტკიცებს „სმართ ლოჯიქის“ შინაგანაწესს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. „სმართ ლოჯიქის“ ქონება
1. „სმართ ლოჯიქს“ ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. „სმართ ლოჯიქის“ ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 8🔗. „სმართ ლოჯიქის“ ფინანსები
„სმართ ლოჯიქის“ დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 9🔗. „სმართ ლოჯიქის“ სახელმწიფო კონტროლი
1. „სმართ ლოჯიქის“ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს „სმართ ლოჯიქის“ საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.
2. „სმართ ლოჯიქი“ ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსები და ფინანსური ანგარიში და წარუდგინოს ისინი სამინისტროს.
3. „სმართ ლოჯიქმა“ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, „სმართ ლოჯიქის“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე „სმართ ლოჯიქის“ მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები „სმართ ლოჯიქის“ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. „სმართ ლოჯიქს“ უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს ან გადასცეს სარგებლობის უფლებით.
6. „სმართ ლოჯიქის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 10🔗. „სმართ ლოჯიქის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
„სმართ ლოჯიქის“ რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.