განჩინება შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4377-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი” (ს/კ 202452121)
წარმომადგენელი: ზაქარია მაისურაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” (ს/კ 202452121) ლიკვიდატორმა ზაქარია მაისურაძემ და მოითხოვა შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი” (ს/კ 202452121) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და ბალანსზე და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო. საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 6240,32 (ექვსი ათას ორას ორმოცი მთელი ოცდათორმეტი მეასედი) ლარს (5296,71 ლარი ნარჩენი და 943,61 ლარი საურავი). შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივ კოლეჯს” სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა კრედიტორი არ ჰყავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტს განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივ კოლეჯს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 28 მარტს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი” (ს/კ 202452121) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე