განჩინება შპს „შავი ზღვის პროდუქტები“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/7918-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „შავი ზღვის პროდუქტები” (ს/ნ 215138483)
წარმომადგენელი: მალხაზ ალბორაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა „შავი ზღვის პროდუქტების” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა შპს „შავი ზღვის პროდუქტების” (ს/ნ 215138483) დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა შპს ”შავი ზღვის პროდუქტების” გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების ავტორის განმარტებით, საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენენ „Local Capital Group B.V.”, რომლის მიმართაც დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება ჯამურად 748 418,74 (შვიდას ორმოცდარვა ათას ოთხას თვრამეტი მთელი სამოცდათოთხმეტი მეასედი) დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 1 319 237,7 (ერთი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი მთელი შვიდი მეათედი) ლარს და ფიზიკური პირი რომან ფიფია, რომლის მიმართ საწარმოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 2 798 335 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, შესაბამისად, მას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და, ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯების დაფარვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”შავი ზღვის პროდუქტებს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ ერთი თვის ვადაში შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „შავი ზღვის პროდუქტების” (ს/კ 215138483) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. თუ ამ ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც იქნებოდა მოვალის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მაისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 2 ივნისს (იხ. ს.ფ. 31-35), კრედიტორ რომან ფიფიას ჩაბარდა 2014 წლის 4 ივნისს (იხ. ს.ფ. 29), ხოლო უცხოელ კრედიტორს „Local Capital Group B.V”-ს ჩაჰბარდა 2014 წლის 6 ივნისს (იხ. ს.ფ. 37). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს ”შავი ზღვის პროდუქტების” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
შპს „შავი ზღვის პროდუქტების” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, რაც ”შავი ზღვის პროდუქტების” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „შავი ზღვის პროდუქტები” (ს/ნ 215138483) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს ”შავი ზღვის პროდუქტების” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს ”შავი ზღვის პროდუქტებს” დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე: ბესიკ სისვაძე