თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება-შპს "შავი ზღვის პროდუქტები"-ს საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7918-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7918-14

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2014 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „შავი ზღვის პროდუქტები” (ს/ნ 215138483)

წარმომადგენელი: მალხაზ ალბორაშვილი

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა შპს „შავი ზღვის პროდუქტების” (ს/ნ 215138483) დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა შპს „შავი ზღვის პროდუქტების” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „შავი ზღვის პროდუქტები” (ს/ნ 215138483) წარმოადგენს კოტე თოდუას 50%-იანი და ზურაბ ადუაშვილის 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენენ „Local Capital Group B.V.”, რომლის მიმართაც დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება ჯამურად 748 418,74 (შვიდას ორმოცდარვა ათას ოთხას თვრამეტი მთელი სამოცდათოთხმეტი მეასედი) აშშ დოლარის, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 1 319 237,7 (ერთი მილიონ სამას ცხრამეტი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი მთელი შვიდი მეათედი) ლარს და ფიზიკური პირი რომან ფიფია, რომლის მიმართ საწარმოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 2 798 335 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარს.  განმცხადებლის მტკიცებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მითითებით, 2014 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით შპს „შავი ზღვის პროდუქტების” სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. დღეის მდგომარეობით კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და 2014 წლის 4 მარტის მდომარეობით საწარმოს სახელზე არ ირიცხება არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ვადამოსული მოთხოვნები და, ამასთან, უზრუნველყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის საჭირო საპროცესო ხარჯის დაფარვა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” (ს/ნ 215138483) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წამოებაში მოღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” მისი ქონების სიმცირისა და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში” და სს „თიბისი ბანკში”. სს „საქართველოს ბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. სს „თიბისი ბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით კი, 2014 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, საწარმოს საბანკო ანგარიშზე ერიცხება 163,13 (ას სამოცდასამი მთელი ცამეტი) ლარი და 0,56 (ნული მთელი ორმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 4 მარტს გაცემული ცნობა, რომ შპს „შავი ზღვის პროდუქტების” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 თებერვლის ცნობის თანახმად, შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ აქვს რეგისტრირებული. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს „შავი ზღვის პროდუქტების” დირექტორის მალხაზ ალბორაშვილის გადაწყვეტილება გადახდიუუნარობის შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” (ს/ნ 215138483) უარი ეთქვას მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „შავი ზღვის პროდუქტებმა” (ს/ნ 215138483) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „შავი ზღვის პროდუქტები” (ს/ნ 215138483) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „შავი ზღვის პროდუქტების” (ს/ნ 215138483)  რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 27 მაისისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „შავი ზღვის პროდუქტებმა” (ს/ნ 215138483).

4. უცხოელ კრედიტორთა ინფორმირების მიზნით შპს „შავი ზღვის პროდუქტებს” (ს/კ 215138483) ვალდებულია გონივრულ ვადებში უზრუნველყოს განჩინების გადათარგმნა, თარგმანის ნოტარიალური დადასტურება, ნათარგმნი განჩინების ასლების უცხოელ კრედიტორთათვის ჩაბარება, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთა და ნათარგმნი განჩინების ერთი ეგზემპლარის სასამართლოში წარმოდგენა. 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

მოსამართლე                                                  ბესიკ სისვაძე