განჩინება შპს „ავტომობილი“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1192-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1192-14წ.

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

2014 წლის 24 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,ავტომობილი’’ (ს/კ 219624547)

დირექტორი: შპს ,,რეაბილიტაცია’’

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე.

მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ავტომობილის’ (წარმომადგენელი შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   2014 წლის 23 ივლისს შპს ,,ავტომობილის’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ბიძინა ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ჰყავს ორი უზრუნველყოფილი კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი თანხით 114 603,43 ლარი და ტარიელ ჩიტიძე თანხით – 4312 ლარი (მიყენებული ზიანის შედეგად დაკისრებული სარჩოს ოდენობა 4012 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 300 ლარი). ორგანიზაციას ასევე დაკისრებული აქვს აღსრულების საფასურის გადახდა, აღსრულების თანხის 7% – 238,84 ლარის ოდენობით. საზოგადოებას არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ასევე არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. საზოგადოების სახელზე სსიპ „საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს’’ წერილით რეგისტრირებულია 3 სატრანსპორტო საშუალება: ,,იკარუს260’’ (ძრავის №1001786, შასის №194, სახ. სანომრე ნიშანი KZZ-390), ,,LAZ 697N’’ (შასის №130218) სახელმიწფო სანომრე ნიშნით GUU-440; პაზ 672’’ (შასის №8810207) სახელმწიფო სანომრე ნიშნით KZZ- 409), თუმცა ორგანიზაციის კრედიტორული დავალიანებიდან გამომდინარე განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების და ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული სხვა მოძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ამჟამად შპს ,,ავტომობილის’’ საკუთრებაში და არც ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას. განმცხადებელი ითხოვს შპს ,,ავტომობილის’ გაკოტრებას.

   სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

   ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

  მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

  საქმისმასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან), საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი აქვს მხოლოდ ,,ლიბერთი ბანკში’’, თუმცა მასზედ თანხა არ ერიცხება (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი ანგარიშიდან ), თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. საზოგადოებას ჰყავდა მხოლოდ სამი სატრანსპორტო საშუალება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან), რომლებიც დღეისათვის რეალიზებულია, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 13 დეკემბრის ცნობა. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 114603,43 ლარის ოდენობით (იხ. შედარების აქტი) და ტარიელ ჩიტიძის მიმართ 4312 ლარის ოდენობით (იხ. ტყიბულის რაიონული სასამართლოს №2/2 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ). აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

  სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს ,,ავტომობილის’ (წარმომადგენელი – შპს ,,რეაბილიტაცია’’, ბიძინა ჩიკვილაძე) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                     გენადი მაკარიძე