1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.

3.  საკრებულო არის დამოუკიდებელი საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. საკრებულოს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი (ბეჭდები) თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. ასევე საკრებულოს აქვს ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

4. საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, საფინანსო-საბუღალტრო (მათ შორის შესყიდვების), მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა მომსახურების გაწევას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

5. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია www.batumicc.ge. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილს სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.

6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

7. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული