1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;
ბ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე) შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას;
ზ) გარდაიცვალა.
2. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკრებულოს დათხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე, რომელიც მიღებიდან 2 კვირის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
5. თუ საკრებულოს წევრი 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენა არასაპატიოა ამზადებს დასკვნას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. თუ საკრებულოს წევრს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას ცნობის სახით.
7. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.
8. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოითხოვოს და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
9. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ცნობის სახით.
10. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს, აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღეს.
11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს.
12. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშე