თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 25 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის და 119-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი (ტექსტში შემდგომ - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური ქონების გადამცემის მიერ დგინდება „ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილების შესაბამისად.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და ბიჯის ოდენობას და სარგებლობაში გადასაცემი ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
7. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.
2. თელავის მუნიციპალიტეტი მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე telavi-temi.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
3. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
2. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.
3. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა თელავის მუნიციპალიტეტში.
5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალური ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ - ცალკე.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილებისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგებათა გაფორმების წესი რეგულირდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით.
მუხლი 5🔗. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე მუნიციპალური ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. საინვესტიციო პირობების არსებობისას მუნიციპალიტეტის თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან ქონების სააგენტოსმიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში.
4. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა). ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ქონების სააგენტოსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ქონების განმკარგავ სუბიექტს.
51. ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ქონების შემძენთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ქონების ნაწილობრივ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.
6. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
7. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულ დადასტურებას, რაც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების შემძენის მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა „გამყიდველის“ მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
10. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალურ საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 6🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თელავის მუნიციპალიტეტს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ მომხმარებელი მოქმედებს ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) გამგებლის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ისე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.
3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს გამგებელი, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 8🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.