„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №8 |
|
2014 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 აგვისტოს №4 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 25.08.2014, 010240060.57.069.016044) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. შავი სიის წარმოების წესი და პირობები 1. შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო; ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ატვირთულია შესაბამის სისტემაში, წერილობით შეტყობინებას აღნიშნული დოკუმენტების ასლები აღარ დაერთვის. 5. სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელითაც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და რასაც უშუალოდ უნდა დაეყრდნოს სააგენტო წერილობითი შეტყობინების განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ და წერილობით შეტყობინებაში მითითებულმა პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სააგენტოს დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სააგენტოში. ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად საკმარისია ერთ-ერთი მხარის მიერ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 7. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. 8. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი, ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად, ერთი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შავ სიაში დარეგისტრირდება ერთხელ. 11. სააგენტო შავ სიას ელექტრონულად აწარმოებს თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.“.“. |
| მუხლი 2 |
ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბერს.
|
|