სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2014
ძალის დაკარგვა 08.04.2015
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.04.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 15 ოქტომბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’ საქართველოს კანოის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №56 დადგენილება (სსმ, 51, 16/11/2010. ; სარეგისტრაციო კოდი:010250020.35.108.016010).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესი“(შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის , გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და ა.შ.) სახელდების და ნუმერაციის დადგენის პირობებს.
2. წესის მიღების მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის მოწესრიგება.
3. წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტი – სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივნი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა;
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით;
დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა;
ე) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
ვ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან სენაკის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი;
ზ) ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით;
თ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი(სათავსები, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის;
ი) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია;
კ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
ლ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗.
სახელდების და ნუმერაციის პრინციპები
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტთა სახელდებისა და ნუმერაციის ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) ისტორიული ტოპონიმიკის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა;
ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა;
ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ზ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ-კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. სახელწოდება ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს;
2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და ნუმერაცია
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 10 წლის გასვლის შემდეგ ან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება.
3. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან.
4. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
5. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
6. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) ნუმერაციის არარსებობა;
ბ) არსებულ დოკუმენტაციაში ობიექტისთვის მინიჭებული ნორმების არევა;
გ) ბინის გაყოფა;
დ) ბინების შეერთება;
ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის მოთხოვნის საჭიროება.
მუხლი 6🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის შესახებ განკარგულებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეორგაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფს”.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი):
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა–ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას ჯგუფი განიხილავს 30 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სირთულის მიხედვით პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით.
6. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
7. საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;
ბ) სსიპ - შემოსავლების სამსახურს;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურს.
8. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები პერიოდულად მიაწვდიან დროებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ინფორმაციას ან/და წინადადებებს მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.