„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანიოს თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებანი
1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვის სამუშაოებს ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. სამინისტრო:
ა) ახორციელებს შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულების კონტროლს;
ბ) კოორდინაციას უწევს მცენარეთა დაცვის კონცეფციას, პერსპექტიული პროგრამებისა და პროგნოზების დამუშავებას;
გ) ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (განურჩევლად საკუთრებისა და სარგებლობის ფორმისა) ფიტოსანიტარიულ დიაგნოსტიკას, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლს;
დ) საკუთარი კომპეტენციის სფეროში თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) პროპაგანდას უწევს მეცნიერების მიღწევებსა და პროგრესულ ტექნოლოგიებს, განსაზღვრავს მცენარეთა დაცვის საშუალებებზე საორიენტაციო მოთხოვნებს;
ვ) ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების კონტროლს;
ზ) ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევას;
თ) ატყობინებს ყველა მიწის მესაკუთრესა და მიწით მოსარგებლეს მავნე ორგანიზმების გამოჩენის, გამრავლებისა და განვითარების ვადების შესახებ, მიუთითებს, თუ როგორ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ ეკოლოგიურად გამრავლებული მეთოდები და საშუალებები, ამასთანავე დაიცვან მავნეობის ეკონომიკური ზღვრები და „ლოდინის პერიოდი“.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საკარანტინო სამსახური
1. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მცენარეთა საგარეო და საშინაო კარანტინის სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის დანიშნულებაა აღკვეთოს სახელმწიფოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოტანა და გავრცელება და ამ მიზნით:
ა) კონტროლი გაუწიოს მცენარეული და სხვა პროდუქციის წარმოების, დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების საკარანტინო წესების დაცვას;
ბ) დროულად გამოავლინოს, შეზღუდოს და მოსპოს მავნებელი დაავადებები და სარეველები, აღკვეთოს მათი გავრცელება რეგიონებში;
გ) უზრუნველყოს, რომ ყველა საწარმო-დაწესებულება და ორგანიზაცია (მიუხედავად მათი საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც დაკავშირებული არიან მცენარეული პროდუქციის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და რეალიზაციასთან, ახორციელებდნენ მცენარეთა დაცვის საკარანტინო ღონისძიებებს.“.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი
საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვის საერთო მდგომარეობას კონტროლს უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
4. 12 1 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა, მიმართული მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების გამოვლენისა და თავიდან აცილებისაკენ, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დარღვევათა გამოვლენისაკენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2574 –რს