საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2014
ძალის დაკარგვა 20.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №604
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.018224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 20.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №604
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ.თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისია.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისია (შემდგომში – კომისია) არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს რეგიონული განვითარების კონცეფციის შემუშავებასა და შესრულების კოორდინაციას; საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციას; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობას; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების, ამ მიმართულებით ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია, შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები/რეკომენდაციები/სამართლებრივი აქტების პროექტები:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე;
დ) მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე) რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
დ) რეგიონული განვითარების ღონისძიებებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;
ე) მოამზადოს, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელისა და კომისიის წევრებისაგან.
2. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, ხოლო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი.
4. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
დ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ვ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
ლ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
მ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ნ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
პ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები - გუბერნატორები.
5. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
ა) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს;
ბ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;
გ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
7. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის მდივნის წარდგინებით.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან მასთან შეთანხმებით, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
6. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხის შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ შესაბამისი დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.
7. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული ქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗. კომისიის თავმჯდომარე და სამდივნოს ხელმძღვანელი
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი:
ა) ორგანიზაციას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;
ბ) განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის სამუშაო ჯგუფების მუშაობას; კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობას;
დ) განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის;
ვ) გამოითხოვს კომისიის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციას და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;
ზ) კოორდინაციას უწევს კომისიისა და სამუშაო ჯგუფების მიერ განსახორციელებული ღონისძიებების მიმდინარეობას;
თ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. კომისიის წევრები
კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში;
ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
გ) სამუშაო ჯგუფებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია;
დ) კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი მიმართონ წინადადებით, ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების საჭიროების თაობაზე;
ე) განახორციელონ ამ დებულებით განსაზღვრული და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 8🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიის მიერ, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფები შესაბამის სფეროთა მიხედვით განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და კომისიისათვის ამზადებენ შესაბამის დასკვნებს/რეკომენდაციებს/წინადადებებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. სამუშაო ჯგუფი შედგება ხელმძღვანელის, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან.
4. კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობასა და საქმიანობის გრაფიკს.
მუხლი 9🔗. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა და კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე, კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.