საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 18.12.2013
ძალაში შესვლა 01.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის:
ნომერი №4/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2014
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოსთვის: | ესპანეთისთვის: |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის gansakutrebuli mnishvnelobis | SECRETO |
| სრულიად საიდუმლო sruliad saidumlo | RESERVADO |
| საიდუმლო saidumlo | CONFIDENCIAL |
| შეზღუდული სარგებლობისთვის shezguduli sargeblobistvis | DIFUSIÓN LIMITADA |
| საქართველოს სახელით მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი | ესპანეთის სამეფოს სახელით ხოსე მანუელ გარსია-მარგალო მარფილი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველო და ესპანეთის სამეფო (შემდგომში წოდებულნი როგორც “მხარეები”);
აღიარებენ რა, მათი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ურთიერთნდობის სტაბილიზაციის თვალსაზრისით;
აცნობიერებენ რა, რომ ეფექტიანი თანამშრომლობა შესაძლოა ითხოვდეს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას;
სურთ რა, რომ დაამკვიდრონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები, რომლებიც გამოყენებული იქნება მხარეებს შორის მომავალში განხორციელებული თანამშრომლობის შესახებ ნებისმიერი შეთანხმებისათვის და საიდუმლო კონტრაქტებისათვის, რომლებიც მოიცავს ან შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაიცვალა ან წარმოიშვა.
2. წინამდებარე შეთანხმება გამოყენებული უნდა იქნეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი მოქმედების, კონტრაქტების, ქვეკონტრაქტების ან შეთანხმებების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ან დაიდო მხარეებს შორის, აგრეთვე მხარეებს შორის გაცვლილი იმ ნებისმიერი დოკუმენტის მიმართ, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საიდუმლო ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას, მიუხედავად მისი ფორმისა, ბუნებისა ან გადაცემის მეთოდისა, რომელიც მოიცავს მხარეების მიერ საიდუმლო ინფორმაციად/სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას და რომელსაც, ნებისმიერი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი.
2. „საიდუმლო კონტრაქტი” ნიშნავს მხარესა და კონტრაჰენტს ან კონტრაჰენტსა და ქვეკონტრაჰენტს შორის დადებულ კონტრაქტს ან ქვეკონტრაქტს, რომელიც მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას ან რომლის საფუძველზე ასეთი ინფორმაცია იქმნება, იმართება ან ინახება.
3. „კონტრაჰენტი ან ქვეკონტრაჰენტი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია საიდუმლო კონტრაქტის დადების უფლებამოსილება.
4. „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, დაწესებულებას გააჩნია ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობები, შექმნას და მართოს საიდუმლო ინფორმაცია შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
5. „ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (need-to-know)” ნიშნავს პრინციპს, რომლის მიხედვითაც საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გააჩნია ასეთი ინფორმაციის გაცნობის დადასტურებული საჭიროება იმ თავის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოხდა ინფორმაციის მიწოდება მიმღები მხარისათვის.
6. „წარმომშობი მხარე” ნიშნავს მხარეს, რომელიც აწვდის საიდუმლო ინფორმაციას.
7. „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ფიზიკური პირი არის უფლებამოსილი, ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
8. „მიმღები მხარე” ნიშნავს მხარეს, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას წარმომშობი მხარისაგან.
9. „მესამე მხარე” ნიშნავს ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:
a) საქართველოსთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) ესპანეთისთვის – სახელმწიფო მდივანი, ეროვნული დაზვერვის ცენტრის დირექტორი. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.
2. ორივე კომპეტენტურმა ორგანომ თავისი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.
3. უსაფრთხოების ერთნაირი სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით, კომპეტენტურმა ორგანოებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია მათი უსაფრთხოების ორგანიზებისა და პროცედურების შესახებ და უნდა მისცენ უფლება მათ ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე მეორე მხარის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება.
მუხლი 4🔗
საიდუმლოების გრიფები
1. მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთმოცემული საიდუმლოების გრიფები ეკვივალენტურია და შეესაბამება მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ საიდუმლოების გრიფებს:
საქართველოსთვის:
ესპანეთისთვის:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
gansakutrebuli mnishvnelobis
SECRETO
სრულიად საიდუმლო
sruliad saidumlo
RESERVADO
საიდუმლო
saidumlo
CONFIDENCIAL
შეზღუდული სარგებლობისთვის
shezguduli sargeblobistvis
DIFUSIÓN LIMITADA
2. მიმღებმა მხარემ არ უნდა მოახდინოს საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ან საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. არცერთ ფიზიკურ პირს არ უნდა მიენიჭოს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება მხოლოდ მისი წოდების, თანამდებობის გამო ან საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების საფუძველზე. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება, საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და რომელთაც მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის სათანადო უფლება შესაბამისი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
2. მიმღებმა მხარემ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაუმჟღავნოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს, წარმომშობი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. მიმღებმა მხარემ მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭოს დაცვის ისეთი ხარისხი, რომელიც წარმომშობი მხარის მიერ მინიჭებული დაცვის ხარისხის ეკვივალენტურია მე-4 მუხლის შესაბამისად.
4. მიმღებმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს მიღებული საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული.
5. მიმღებმა მხარემ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა დაიცვას ყველა უფლება, რომელიც დაკავშირებულია მიღებულ საიდუმლო ინფორმაციასთან.
მუხლი 6🔗
საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება
1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც თავისი საქმიანობის ან ფუნქციების გამო სჭირდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, კომპეტენტური ორგანოს მიერ ჰქონდეს მინიჭებული სათანადო საიდუმლოობის ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
2. ორივე მხარისთვის საერთო ინტერესის მქონე საიდუმლო პროექტების ფარგლებში, საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, რომელიც მინიჭებულია ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, აღიარებული უნდა იყოს მეორე მხარის მიერ.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, უნდა აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება იმ შემოწმების პროცედურების განხორციელებაში, რომლებიც ეხება საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას და/ან საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებას. ამ მიზნით, მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეიძლება დაიდოს სპეციალური შეთანხმებები.
მუხლი 7🔗
ვიზიტები
1. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს ერთი მხარის მოქალაქეების მიერ მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, დამოკიდებულია მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარ წერილობით ნებართვაზე.
2. მოთხოვნა ვიზიტის ფორმაზე წარდგენილი უნდა იქნეს გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის დაგეგმილ ვიზიტამდე არანაკლებ სამი კვირით ადრე და უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
a) ვიზიტორის სახელს და გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერს;
b) ვიზიტორის მოქალაქეობას;
c) ვიზიტორის თანამდებობისა და იმ ორგანიზაციის დასახელებას, რომელსაც იგი წარმოადგენს;
d) ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატს, მისი საიდუმლოობის ხარისხსა და მოქმედების ვადას;
e) ვიზიტის მიზანს, სავარაუდო სამუშაო პროგრამასა და თარიღს;
f) იმ ორგანიზაციებისა და ობიექტების დასახელებას, რომელთა მონახულებაც მოთხოვნილია;
g) იმ დაწესებულების ან ობიექტის საკონტაქტო პუნქტის დასახელებას და ტელეფონის ნომერს, რომლის მონახულებაც დაგეგმილია, ადრინდელ კონტაქტებს და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება ვიზიტის ან ვიზიტების დასასაბუთებლად;
h) შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური ბეჭდით დამოწმებულ თარიღს, ხელმოწერასა და შტამპს.
3. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების პერსონალური ინფორმაციის დაცვა თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ყველა ვიზიტორმა უნდა დაიცვას მასპინძელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
5. ვიზიტის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
6. ნებისმიერი პროექტისთვის, პროგრამისთვის ან კონტრაქტისთვის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმ ფიზიკურ პირთა სიების შედგენაზე, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები.
მუხლი 8🔗
ფიზიკური უსაფრთხოება
1. მხარეები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი წარმომშობი მხარის ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში.
2. საიდუმლო ინფორმაცია ისე უნდა იქნეს შენახული, რომ მასზე მხოლოდ სათანადოდ უფლებამოსილ ფიზიკურ პირებს მიუწვდებოდეთ ხელი.
მუხლი 9🔗
საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება
1. მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს დიპლომატიური ან სამხედრო არხებით, ან კომპეტენტური ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული სხვა საშუალებებით.
2. დაცული უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო მიწოდების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
a) დოკუმენტები უნდა იქნეს მიწოდებული ორმაგი, დალუქული კონვერტებით. შიდა კონვერტზე მითითებული იქნება დასახელება და ადრესატი. მასზე იქნება აღნიშნული შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხი და ჩაიდება საიმედო გარე კონვერტში. გარე კონვერტზე აღნიშნული იქნება დანიშნულების ადგილის მისამართი და ამანათის ნომერი მიღების მიზნებისათვის და მასზე არ იქნება მითითებული შიგთავსის საიდუმლოობის ხარისხი ან რაიმე, რაც მიანიშნებს, რომ ის მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას;
b) დიდი მოცულობის საიდუმლო ინფორმაცია უნდა იქნეს სათანადოდ შეფუთული და ტრანსპორტირებული და მუდმივი კონტროლის ქვეშ დაცული, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაუფლებამოსილი პირების მიერ მისი გაცნობა. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების დროს დადგება საიდუმლო ინფორმაციის დროებით შენახვის საჭიროება, უნდა გატარდეს ღონისძიებები, რათა გამოყენებულ იქნეს მთავრობის მიერ გამოყოფილი უსაფრთხო საცავი ან საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მქონე დაწესებულებები, რომელთაც ჰყავთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვების მქონე პერსონალი და გააჩნიათ საიდუმლო ტვირთთან მოპყრობის შესაძლებლობები;
c) მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა დაადასტუროს საიდუმლო/CONFIDENCIAL და უფრო მაღალი საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის მიღება. შეზღუდული სარგებლობისთვის/DIFUSIÓN LIMITADA საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის მიღების წერილობითი დადასტურება უნდა მოხდეს წარმომშობი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
3. საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნეს მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული დაცული ტელესაკომუნიკაციო სისტემებით, ქსელებით ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებებით.
მუხლი 10🔗
საიდუმლო ინფორმაციის მართვა და კონტროლი
1. საიდუმლო ინფორმაციის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები განავითარებენ შესაბამის პროცედურებს.
2. სარეგისტრაციო სისტემამ, რომელიც კონტროლდება შესაბამისი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობა საიდუმლო ინფორმაციის მიღებაზე, შექმნაზე, აღრიცხვაზე, მოპყრობაზე, შიდა დისტრიბუციაზე, გარე მიმღებისათვის მის მიწოდებაზე, გამრავლებასა და განადგურებაზე.
მუხლი 11🔗
საიდუმლო ინფორმაციის ნიშანდება, თარგმნა და გამრავლება
1. მიმღებმა მხარემ წარმომშობი მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციაზე უნდა აღნიშნოს საიდუმლოების გრიფი მე-4 მუხლით დადგენილი ხარისხების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი იმგვარი დაცვა, რომელიც წარმომშობი მხარისაგან უზრუნველყოფილი დაცვის ეკვივალენტურია.
2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება დაიშვება მხოლოდ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპისა და მე-10 მუხლით განსაზღვრული კონტროლისა და მართვის წესების შესაბამისად. საიდუმლო ინფორმაციის ასლებსა და თარგმანებზე აღინიშნება ისეთივე საიდუმლოების გრიფი, როგორიც დედანზე და ისინი დაცულნი იქნებიან იმავე ხარისხით, როგორც დედანი. ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს ოფიციალური მიზნებისთვის საჭირო რაოდენობამდე.
3. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვების მქონე ფიზიკურ პირთა მიერ.
4. სრულიად საიდუმლო/RESERVADO ან უფრო მაღალი საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია უნდა გამრავლდეს ან ითარგმნოს მხოლოდ მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმომშობი მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ.
მუხლი 12🔗
საიდუმლო ინფორმაციის განადგურება
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს ან მოდიფიცირდეს მას შემდეგ, რაც ის აღარ არის საჭირო იმ მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი ამოცნობა ან მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენა.
2. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. სრულიად საიდუმლო/RESERVADO საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემდეგ.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობის/SECRETO საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს. იგი უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს მას შემდეგ, რაც ის აღარ არის აუცილებელი მიმღები მხარისთვის.
5. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ წარმომშობ მხარეს.
მუხლი 13🔗
უსაფრთხოების დარღვევა
1. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს მათ შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი დაკარგვის ან გამჟღავნების, აგრეთვე ნებისმიერი შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება უსაფრთხოების დარღვევის გარემოებების დადგენის მიზნით.
2. მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, წარმომშობ მხარეს უნდა აცნობოს გამოძიების შედეგებისა და უსაფრთხოების დარღვევის სხვა ფაქტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით გატარებული ზომების შესახებ. წარმომშობმა მხარემ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებაში.
მუხლი 14🔗
საიდუმლო კონტრაქტები
1. მხარემ, რომელსაც განზრახული აქვს საიდუმლო კონტრაქტის დადება მეორე მხარის კონტრაჰენტთან, ან განზრახული აქვს, რომ ერთ-ერთმა თავისმა საკუთარმა კონტრაჰენტმა დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარესთან, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი გარანტია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ სავარაუდო პოტენციურ კონტრაჰენტს აქვს შესაბამისი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება და გააჩნია იმავე ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისა და მისი შენახვის ხელსაყრელი პირობები.
2. საიდუმლო კონტრაქტები უნდა დაიდოს და განხორციელდეს თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ დანართი იქნება თითოეული საიდუმლო კონტრაქტის ან ქვეკონტრაქტის განუყოფელი ნაწილი. ამ დანართში წარმომშობი მხარის კონტრაქტორი მიუთითებს, თუ რომელი საიდუმლო ინფორმაცია იქნება გადაცემული მიმღები მხარისათვის ან წარმოქმნილი მიმღები მხარის მიერ და თუ როგორი საიდუმლოობის ხარისხი იქნა მინიჭებული ამ ინფორმაციისთვის. დანართის ასლი უნდა გაეგზავნოს მხარეების კომპეტენტურ ორგანოს.
4. კონტრაჰენტის პასუხისმგებლობა, დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია, სულ მცირე, ნიშნავს მის ვალდებულებას:
a) გაუმჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ინფორმაციის გაცნობის საჭიროება;
b) დაადგინოს აუცილებელი საშუალებები საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად;
c) შეიმუშაოს პროცედურები და მექანიზმები, რათა აცნობოს თავის კომპეტენტურ ორგანოს იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების გრიფის ცვლილების გამო ან როდესაც საიდუმლო ინფორმაციის დაცვა აუცილებელი აღარ არის;
d) დაადგინოს ერთი მხარის პერსონალის მეორე მხარესთან ვიზიტების პროცედურები;
e) აცნობოს თავის კომპეტენტურ ორგანოს გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან ნებისმიერი ფაქტობრივი არასანქცირებული შეღწევის, შეღწევის მცდელობის ან სავარაუდო შეღწევის შესახებ;
f) გამოიყენოს მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ საიდუმლო კონტრაქტის შინაარსობრივ საკითხთან დაკავშირებული მიზნით;
g) დაიცვას შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის განადგურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 15🔗
ხარჯები
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებამ, ჩვეულებრივ, არ უნდა წარმოშვას არანაირი ხარჯი.
2. ნებისმიერი შემთხვევითი, ხარჯის დროს თითოეული მხარე, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დაფარავს მის საკუთარ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმების ყველა ასპექტის განხორციელებისა და ზედამხედველობის შედეგად.
მუხლი 16🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციებით და/ან მოლაპარაკებებით და იგი არ უნდა გადაეცეს რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოს ან მესამე მხარეს გადასაწყვეტად.
მუხლი 17🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების თანახმად გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა გაგრძელდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მანამ, სანამ მიმღები მხარე წერილობით არ მიიღებს ამ ვალდებულებიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას, ან წარმომშობი მხარე არ მოითხოვს მის უკან დაბრუნებას.
3. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
შესრულებულია ქ. მადრიდში, 2013 წლის 18 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
სახელით
მაია ფანჯიკიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი
ესპანეთის სამეფოს
სახელით
ხოსე მანუელ გარსია-მარგალო მარფილი
საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო