„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2797
სარეგისტრაციო კოდი
430.000.000.05.001.002.194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 31/03/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელობო მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. სახელობო მომზადება შეიძლება მხოლოდ დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში.

2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, პროფესიული ცოდნის მიღება და კვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო ზოგადი განათლება.

3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.“.

3. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“.

5. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელობო მომზადების, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს. ეს ქვეპუნქტი არ ეხება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო;“.

6. მე-20 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. 57-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

№2797–Iს