1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.

4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.

თავი V

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცე