საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2014 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
2014 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ძირითადად შემდეგ საკითხებს მოიცავ და:
· სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტები: ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი“, „არასტანდარტული ვაშლისა და ყურძნის სუბსიდირების პროგრამები და ა.შ.
· სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, გადამუშავება და ექსპორტ-იმპორტი (სტატისტიკური მონაცემები, ტექნიკური საკითხები).
· სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყებების საქმიანობა
· საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და დანამატები.
2014 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 110 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა 107 მოთხოვნას; 3 განცხადებაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმისწარმოება. 2 განცხადება შემოვიდა განმეორებით, სადაც ითხოვდნენ ინფორმაციის დაზუსტებას.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.
საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასევე არ დაფიქსირებულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფლობს საინფორმაციო ბაზას სამინისტროს კორესპონდენციის შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივის - „ღია მმართველობის" ფარგლებში, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთხჯერ გამართა პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად განიხილა და საჯარო გახადა სამინისტროს საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ რეაგირების გარეშე არ რჩება არც ერთი შემოსული განცხადება/წერილი. ყველა კითხვაზე გაცემულია სათანადო პასუხი (სატელეფონო, ელექტრონული, ფოსტით, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და ა.შ).
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოქმედ ოფიციალურ ვებგვერდზე სრულად განთავსდა საჯარო ინფორმაცია და მისი განახლება ხორციელდებოდა კანონმდებლობის სრული დაცვით. 2014 წლის განმავლობაში სამინისტროს მოქმედ ოფიციალურ ვებგვერდზე არაერთხელ განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც საიტზე განთავსებული ინფორმაციის ნაწილი (მათ შორის საჯარო ინფორმაცია) დაიკარგა. ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა კიბერ შეტევის შედეგად დაკარგული ინფორმაციის აღდგენაზე და უახლოეს მომავალში საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად გამოქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
უფროსის მოადგეილე ნანა ჩინჩილაკაშვილი