საქართველოს პარლამენტის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის ანგარიში
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე
2014 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში 299 განცხადება შემოვიდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადებებიდან 114 შემოსულია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (contact@parliament.ge).
განმცხადებლები იყვნენ: სამთავრობო დაწესებულებები (41 განცხადება), საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა (4 განცხადება), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (6 განცხადება), მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (32 განცხადება), ფიზიკური პირები (140 განცხადება) და იურიდიული პირები (76 განცხადება). განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების, შესაბამისი განმარტებითი ბარათებისა და დასკვნების, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნების, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერების, სხვადასხვა ნორმატიული აქტის კენჭისყრის შედეგების, პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და დადგენილებების, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და კონვენციების შესახებ, აგრეთვე სხვა საკითხების თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტში შემოსულ 133 წერილზე ოფიციალური პასუხები გაიგზავნა ფოსტით; 1 განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; 1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად; 5 წერილზე დაინტერესებულ პირებს მიეცათ ზეპირი განმარტებები; 158 წერილზე ოფიციალური პასუხები და შესაბამისი მასალა გაიგზავნა ელექტრონული ფოსტით; 1 წერილი დამუშავების პროცესშია.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა და, შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული; ასევე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რის შედეგადაც აღნიშნულ სისტემაში მონაცემთა ბაზები ავტომატურ რეჟიმში იქმნება. საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომიტეტის სხდომა საჯაროა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის, აგრეთვე კომიტეტის სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
„ნდობის ჯგუფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია. 2014 წელს გაიმართა აღნიშნული ჯგუფის 2 სხდომა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ 2014 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლებს არ დაურღვევიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და არ დასდებიათ შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
აპარატის უფროსი ზ. მარაქველიძე