მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2006 ბოლო ცვლილება 22.03.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3147
სარეგისტრაციო კოდი
360.060.000.05.001.002.263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 09/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

 

    მუხლი 1. ძირითადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკო-ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ადმინისტრაციული რაიონების საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს (საერთო ფართობით 15806 ჰექტარი) მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მტირალას ეროვნული პარკი (შემდგომში – პარკი).

2. პარკის საერთო ფართობს მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სატყეო მეურნეობების, სატყეოებისა (სატყეო უბნებისა) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:

ა) ქობულეთის სატყეო მეურნეობის ჩაქვის სატყეოს (სატყეო უბნის) №№5–41, №44 და №№48–91 კვარტალებს (საერთო ფართობით 12203 ჰექტარი);

ბ) ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ერგე-ორთა-ბათუმის სატყეოს (სატყეო უბნის) №№2–19 და №№24-25 კვარტალებს (საერთო ფართობით 3200 ჰექტარი);

გ) ქედის სატყეო მეურნეობის მახუნცეთის სატყეოს (სატყეო უბნის) №6 და №9 კვარტალებს (საერთო ფართობით 403 ჰექტარი).

3. პარკის საერთო ფართობს მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობების, სატყეოებისა (სატყეო უბნებისა) და კვარტალების მიხედვით აღწერის საფუძველს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტითაა განსაზღვრული, წარმოადგენს:

ა) ქობულეთის სატყეო მეურნეობისათვის – „ქობულეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტყეთმოწყობის კომისიის 1995 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული ქობულეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1995–2005 წლებისათვის შედგენილი პროექტი;

ბ) ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობისათვის – „ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობის კომისიის 1997 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1997–2007 წლებისათვის შედგენილი პროექტი;

გ) ქედის სატყეო მეურნეობისათვის – „ქედის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობის კომისიის 1997 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული ქედის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1997–2007 წლებისათვის შედგენილი პროექტი.

    მუხლი 2. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

1. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად პარკის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა (გარდა წიაღით სარგებლობისა) პარკის მიმდებარე თემების საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.

3. პარკის ტერიტორიაზე იკრძალება წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.

4. პარკის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 3. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა

1. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა იქმნება ამავე პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით და მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის სტატუსი.

2. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონის საზღვრები და ფართობი, აგრეთვე მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

      მუხლი 4. პარკის მართვა

1. პარკის სახელმწიფო მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. პარკის მართვის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, რომლის დებულებასაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

     მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი

1. პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატურაში გამიჯვნისა და საბოლოო დაზუსტების) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის ამოქმედებამდე პარკის ფარგლებში მოქცეულ ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დაიშვება პარკის მიმდებარე თემების საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყითსარგებლობის სახეობათა მოცულობას ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება:

ა) „მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

     მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3147Iს