ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ სახეობებს განეკუთვნება:
ა)
60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ)
20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ)
გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ)
შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე)
V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ)
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ)
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ)
საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი)
ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა/განთავსება დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი მდებარეობს:
ა)
შიდა სახელმწიფოებრივი გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და შენობა-ნაგებობებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ)
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 20 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
გ)
ქ.ჭიათურის ცენტრალურ ზონაში (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩები) I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
დ)
მდინარეების სანაპიროზე, კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ე)
სტიქიური და საშიში გეოლოგიური პროცესების ადგილებში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.