თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "კოლხის"-ს გაკოტრების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8772-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
2014 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, სს ,,კოლხის” კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,კოლხის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის“ მიმართ. შპს ,,კოლხის” მომრიგებელი საბჭოს მიერ 2013 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” რეაბილიტაციის შესახებ. 2013 წლის 25 სექტებერს შპს ,,კოლხის” კრედიტორთა კრებაზე, კრედიტორების მიერ შპს ,,კოლხის“ რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული იქნა შპს ,,Eurocon”, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით და რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალა მოვალეს და კრედიტორებს. განსაზღვრულ ვადაში რეაბილიტაციის გეგმის პროექტი არ შემდგარა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი შეწყდება, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ რეაბილიტაციის გეგმა არ ხორციელდება. კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული განცხადებით რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, რეაბილიტაციის გეგმის იმ პუნქტების მითითებით, რომლებიც დარღვეულია განცხადების წარდგენის მომენტისათვის. სასამართლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში რეაბილიტაციის გეგმის პროექტი არ შედგა, 50%-ზე მეტი ხმის უფლების მქონე კრედიტორები მხარს უჭერენ რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტას და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას. კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრებიის მმართველად დაინიშნა შპს ,, Eurocon”.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,კოლხის” მიმართ უნდა შეწყდეს რეაბილიტაციის პროცესი, დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის” გაკოტრების მმართველად შპს ,,Eurocon”-ის დანიშვნის შესახებ
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 44-ე, 46-ე, 52-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კოლხის” მიმართ შეწყდეს რეაბილიტაციის პროცესი.
2. შპს ,,კოლხის” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
3. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს ,,კოლხის“ გაკოტრების მმართველად შპს ,,Eurocon“-ის (ს/კ 404908481) დანიშვნის შესახებ.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი