„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი – მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ადგენს საქართველოში სტანდარტიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები:
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს;
ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;
გ) უცხო ქვეყნის სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც მიღებული ან აღიარებულია სხვა ქვეყნის მიერ;
დ) საქართველოს სტანდარტი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი;
ე) პროდუქცია – საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება, მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 3. სტანდარტიზაციის მიზნები
სტანდარტიზაციის მიზნებია:
ა) პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მისი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ბ) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის ხელშეწყობა;
გ) საქონლის ტექნიკური შეთავსებადობისა და ურთიერთშენაცვლებადობის უზრუნველყოფა;
დ) პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მუხლი 4. სტანდარტიზაციის პრინციპები
საქართველოში სტანდარტების შემუშავება და რეგისტრაცია ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) ყველა დაინტერესებული მხარის პროცესში ნებაყოფლობით საწყისებზე მონაწილეობა;
ბ) გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე;
გ) პროცესის გამჭვირვალობა ნებისმიერ სტადიაზე;
დ) საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობა ინდივიდუალურზე;
ე) სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო თუ უცხო ქვეყნის სტანდარტების გათვალისწინება.“.
2. მე-5–მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზება
მუხლი 10. სტანდარტიზაციის მონაწილეები
1. საქართველოში სტანდარტების შემუშავებას ახორციელებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ამ სტანდარტებს რეგისტრაციისათვის წარუდგენს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
2. თუ სტანდარტს შეიმუშავებს რამდენიმე დაინტერესებული პირი, ისინი გადაწყვეტილებას იღებენ კონსენსუსის საფუძველზე. კონსენსუსი მიიღწევა, როდესაც არ არსებობს დასაბუთებული წინააღმდეგობა ძირითად საკითხთა შინაარსზე და რომელშიც გათვალისწინებულია ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი, ხოლო საწინააღმდეგო არგუმენტები შეჯერებულია.
3. ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ შემუშავებულ სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.
4. სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ სტანდარტებზე ვრცელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
5. სავალდებულო სტანდარტიზაცია ხორციელდება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენის გზით.
მუხლი 11. სტანდარტების ხელმისაწვდომობა
1. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი სტანდარტი გაატაროს რეგისტრაციაში ან დასაბუთებულად უარი თქვას მის რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები რეგულირდება ცალკე ნორმატიული აქტით.
2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სტანდარტების რეესტრის წარმოება და მისი მონაცემების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.“.
4. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
მუხლი 13. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
ამ კანონისა და „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მუხლი 14. სააგენტოს ფუნქციები
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის წარმოება;
ბ) გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება;
გ) რეგისტრირებული საქართველოს სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) რეესტრის წარმოების, მისი უწყვეტობისა და რეესტრის ჩანაწერების საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში რეგისტრირებული თუ შემუშავების სტადიაზე მყოფი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
ვ) სტანდარტიზაციის (ასევე მეტროლოგიის სფეროში არსებულ) საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სტანდარტიზაციის (მეტროლოგიის) სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება.
მუხლი 15. სააგენტოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები
სააგენტოს ხელმძღვანელი ამ კანონითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს.
მუხლი 16. სააგენტოს ანგარიში
1. სააგენტო ვალდებულია მის მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ყოველწლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს მაკონტროლებლის მიერ განსაზღვრულ პერიოდულ გამოცემაში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 17. მეტროლოგიის ინსტიტუტი
1. სააგენტოში არსებობს სტრუქტურული ერთეული – მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ინსტიტუტის ხელმძღვანელს სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
მუხლი 18. ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან მიღებული შემოსავლები;
გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
მუხლი 19. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.“.
5. IV–IX თავები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონს შეუსაბამოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის განმავლობაში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სააგენტოს სრული ამოქმედებისათვის.
3. სააგენტოსათვის საჭირო დაფინანსების გამოყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება.
4. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს („საქსტანდარტის“) ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვეში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, როგორც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოს ფორმირების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1791–რს