1. საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074, 1191, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074, 1191, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი
ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი
გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით და ჯარიმის ოდენობა;
ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) მერვე პუნქტში: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ფურცლების რაოდენობა;
ი) მეცხრე პუნქტში: თანხის მიმღები ბანკის დაწესებულების მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა–განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზინების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში