1.
ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2.
ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
3.
წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად, იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
4.
აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
5.
ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6.
ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7.
მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
9.
ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
10.
ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრული ტაქსების პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრული ტაქსების პარკირების ადგილებზე