1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია, შემოსავლების სამსახურში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვის