საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 14.03.2014
ძალაში შესვლა 01.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოში:
ნომერი №11/44
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2015
matsne.gov.ge 2,410 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2014 მიღება
01.02.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქართველოში: რუმინეთში:
განსაკუთრებული მნიშვნელობის gansakutrebuli mnishvnelobis STRICT SECRET DE IMPORTANŢĂ DEOSEBITĂ
სრულიად საიდუმლო sruliad saidumlo STRICT SECRET
საიდუმლო saidumlo SECRET
შეზღუდული სარგებლობისთვის shezguduli sargeblobistvis SECRET DE SERVICIU
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) რუმინეთის მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 19.06.2014 „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 17.04.2019 საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 16.12.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 17.10.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 05.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”,       თანხმდებიან რა, გამართონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოონ და გააღრმავონ მათი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა;       იცნობენ რა, მსოფლიოს პოლიტიკურ ვითარებაში მომხდარ ცვლილებებს და აღიარებენ რა მათი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ორმხრივი ნდობის სტაბილიზაციის თვალსაზრისით;       აცნობიერებენ რა, რომ ეფექტიანი თანამშრომლობა შესაძლოა ითხოვდეს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას;       სურთ რა, რომ დაამკვიდრონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები, რომლებიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მომცველი ან შემცველი ნებისმიერი შეთანხმებისთვის და საიდუმლო კონტრაქტებისთვის, რომლებიც მომავალში დაიდება მხარეებს შორის;       ორმხრივად სცემენ რა პატივს თავიანთი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს;       შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი და მოქმედების სფერო (1) წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც გაიცვლება ან წარმოიშობა მხარეებს ან მხარეთა სახელმწიფოების იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის პროცესში.  (2) წინამდებარე შეთანხმება გამოყენებული იქნება იმ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება მხარეებს ან მხარეთა სახელმწიფოების იურიდიულ პირებს შორის. (3) წინამდებარე შეთანხმებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა ორივე მხარის იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების ინტერესების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მუხლი 2🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის: a) "საიდუმლო ინფორმაცია" ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, დოკუმენტს ან მასალას, მიუხედავად მისი ფიზიკური ფორმისა, რომელსაც მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მინიჭებული კონკრეტული საიდუმლოობის ხარისხი და რომელიც უნდა იქნეს დაცული სათანადოდ; b) "საიდუმლოობის ხარისხი" ნიშნავს კატეგორიას, რომელიც მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობაზე გარკვეულ შეზღუდვებს, დაცვის ზომებსა და საიდუმლოების გრიფებს; c) "კონტრაქტორი" ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია კონტრაქტების დადების სამართლებრივი უფლებაუნარიანობა; d) "საიდუმლო კონტრაქტი" ნიშნავს ნებისმიერ კონტრაქტს, შეთანხმებას ან პროექტს, რომელიც მოიცავს ან შეიცავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლებას, ან რომლის საფუძველზეც წარმოიშვება ასეთი ინფორმაცია; e) "უსაფრთხოების დარღვევა" ნიშნავს მოქმედებას ან უმოქმედობას მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევით, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ან განადგურება, მითვისება, დაზიანება ან დაკარგვა;   f) "წარმომშობი მხარე" ნიშნავს მხარეს, მათ შორის, შესაბამისი მხარის სახელმწიფოს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელიც წარმოშობს და გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას; g) "მიმღები მხარე" ნიშნავს მხარეს, მათ შორის, შესაბამისი მხარის სახელმწიფოს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას; h) "საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატი" ნიშნავს მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურ პირს გააჩნია შესაძლებლობა, გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას მისი სახელმწიფოს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად; i) "'საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების სერთიფიკატი" ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიულ პირს გააჩნია ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, გამოიყენოს და შეინახოს საიდუმლო ინფორმაცია მისი სახელმწიფოს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად; j) "კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო" ნიშნავს მე-3 მუხლში მოცემულ უწყებას, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლებამოსილება ეროვნულ დონეზე და რომელიც მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომების ერთიან შესრულებას; k) "ინფორმაციის გაცნობის საჭიროება" ნიშნავს პრინციპს, რომლის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გააჩნია ასეთი ინფორმაციის გაცნობის დადასტურებული საჭიროება თავის იმ სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც გადაეცა ინფორმაცია მიმღებ მხარეს. მუხლი 3🔗 კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები      (1) წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: a)    საქართველოსთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ გია გულუას ქ. 10 0114, თბილისი საქართველო b)    რუმინეთისთვის: რუმინეთის მთავრობა საიდუმლო ინფორმაციის ეროვნული რეგისტრის სამსახური მურესის ქ. 4, რაიონი 1 ბუქარესტი რუმინეთი (2) მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შესახებ.  (3) უსაფრთხოების შედარებითი სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია მხარეების მიერ გამოყენებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ. ამ მიზნით კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები შეიძლება აგრეთვე შეთანხმდნენ უფლებამოსილი თანამშრომლების ორმხრივ ვიზიტებზე ორივე სახელმწიფოში.  (4) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ დადონ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებები კონკრეტულ ტექნიკურ ასპექტებზე წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗 საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა მხარეები ადგენენ ეროვნული საიდუმლოობის ხარისხების შემდეგ ეკვივალენტობას: საქართველოში: რუმინეთში: განსაკუთრებული მნიშვნელობის gansakutrebuli mnishvnelobis STRICT SECRET DE IMPORTANŢĂ DEOSEBITĂ სრულიად საიდუმლო sruliad saidumlo STRICT SECRET საიდუმლო saidumlo SECRET შეზღუდული სარგებლობისთვის shezguduli sargeblobistvis SECRET DE SERVICIU მუხლი 5🔗 საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების სერტიფიკატები და საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა       (1) საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის ან/და იმ ადგილებსა და დაწესებულებებში დაშვების უფლება, სადაც ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა, ან სადაც ინახება საიდუმლო ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის დაცვით ენიჭებათ მხოლოდ უფლებამოსილ ან იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატი, რომელიც შეესაბამება გასაცნობი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს.       (2) მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა თავიანთი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მეშვეობით უნდა დაადასტურონ, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წარმომშობი მხარის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობამდე მინიჭებული აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატი ან საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების სერტიფიკატი.       (3) კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატთან ან საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას.       (4) მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეების კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები, თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, უნდა დაეხმარონ ერთმანეთს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები მათი მოქალაქეებისთვის ან ამ ტერიტორიაზე განთავსებული მათი დაწესებულებებისთვის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატისა და საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების სერტიფიკატის მინიჭების პროცედურაში.       (5) მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური და იურიდიული პირის დაშვების სერთიფიკატები, რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლებას. მუხლი 6🔗 დაცვის ზომები   (1) წინამდებარე შეთანხმებისა და მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით, მხარეებმა უნდა გაატარონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ყველა სათანადო ზომა. მიღებული საიდუმლო ინფორმაციისთვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაცვის ისეთვე დონე, როგორიც გათვალისწინებულია მე-4 მუხლის შესაბამისად ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციისთვის. (2) მიმღებმა მხარემ მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭოს თავისი ეროვნული საიდუმლოობის ხარისხის საიდუმლოების გრიფი, მე-4 მუხლში მოცემული ეკვივალენტობის შესაბამისად. (3) მიმღებმა მხარემ მიღებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით არ უნდა გამოიყენოს უფრო დაბალი საიდუმლოობის ხარისხი და არ უნდა მოახდინოს ამ ინფორმაციის განსაიდუმლოება წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. წარმომშობმა მხარემ თავისი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გაცვლილი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. (4) ერთობლივად შექმნილ საიდუმლო ინფორმაციაზე საიდუმლოობის ხარისხის მინიჭება, მისი შეცვლა ან ამ ინფორმაციის განსაიდუმლოება უნდა განხორციელდეს მხარეების ერთობლივი თანხმობით. (5) თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მეორე მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ასეთი ინფორმაცია გადაიცა. წარმომშობ მხარეს შეუძლია გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციაზე დააწესოს კონკრეტული მოთხოვნები.  (6) საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურების შესაბამისად: a)   ფიზიკურ პირებს უნდა გააჩნდეთ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სათანადო სერტიფიკატი; b)   თარგმანსა და ასლს უნდა მიენიჭოს ისეთივე საიდუმლოების გრიფი და დაცული უნდა იქნეს ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი; c)  თარგმანი და ასლების რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა ოფიციალური მიზნებისთვის; d)   თარგმანი უნდა ატარებდეს სათანადო აღნიშვნას თარგმანის ენაზე, რომ ის მოიცავს წარმომშობი მხარისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას.    (7) საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ. (8) „სრულიად საიდუმლო/STRICT SECRET” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. (9) „განსაკუთრებული მნიშვნელობის/STRICT SECRET DE IMPORTANŢĂ DEOSEBITĂ” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ და უნდა ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. (10) საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს მისი მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენა. წარმომშობ მხარეს დროულად უნდა ეცნობოს განადგურების შესახებ. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/STRICT SECRET DE IMPORTANŢĂ DEOSEBITĂ” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, ის უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს. (11) ისეთი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარმოშობილი ან გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვასა და დაბრუნებას, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ უმოკლეს ვადაში უნდა შეატყობინოს წარმომშობ მხარეს საიდუმლო ინფორმაციის განადგურების შესახებ. (12) მიმღებმა მხარემ არ უნდა გაუმჟღავნოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ან ერთობლივად შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია არცერთ მესამე სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას, მესამე სახელმწიფოს არცერთ იურიდიულ პირს ან მოქალაქეს წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 7🔗 საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა  (1) საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხებით, სამხედრო კურიერის მეშვეობით ან კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ შეთანხმებული სხვა საშუალებებით, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა დაადასტუროს საიდუმლო ინფორმაციის მიღება.    (2) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დიდი მოცულობის ტვირთის გადაცემის შემთხვევაში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები უნდა შეთანხმდნენ ტრანსპორტირების საშუალებებზე, მარშრუტსა და უსაფრთხოების ზომებზე თითოეული ასეთი შემთხვევისთვის.  (3) საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს დაშიფრული ფორმით იმ კრიპტოგრაფიული მეთოდებისა და მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც ორმხრივად არის დამტკიცებული კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗 ვიზიტები  (1) ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ექვემდებარება მასპინძელი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ წინასწარ წერილობით ნებართვას.   (2) ვიზიტზე მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ვიზიტამდე სულ მცირე ოცი დღით ადრე კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტზე მოთხოვნა მიწოდებული უნდა იქნეს სულ მცირე ხუთი სამუშაო დღით ადრე.   (3) ვიზიტზე მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: a)   ვიზიტორის სახელსა და გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერს; b)  დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის სახელწოდებას, რომელსაც წარმოადგენს ან ეკუთვნის ვიზიტორი; c)    დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის სახელწოდებას და მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი; d)   ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სერტიფიკატის დადასტურებას, მისი მოქმედების ვადას და ინფორმაციის იმ უმაღლეს საიდუმლოობის ხარისხს, რომლის გაცნობის უფლება შეიძლება მან მიანიჭოს; e)    ვიზიტის ან ვიზიტების ობიექტსა და მიზანს; f)   მოთხოვნილი ვიზიტის ან ვიზიტების სავარაუდო თარიღსა და ხანგრძლივობას, ხოლო განმეორებითი ვიზიტების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს ის მთლიანი ვადა, რომლის დროსაც ხორციელდება ვიზიტები; g)   იმ დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის საკონტაქტო პირის სახელსა და ტელეფონის ნომერს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი, აგრეთვე ადრინდელ კონტაქტებსა და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება ვიზიტის ან ვიზიტების განხორციელების საჭიროების განსასაზღვრად; h)    თარიღს, ხელმოწერასა და კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალური ბეჭდის შტამპს.  (4) ვიზიტზე მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს მომთხოვნი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. (5) როდესაც ვიზიტი დადასტურდება, მასპინძელი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ ვიზიტზე მოთხოვნის ასლი უნდა მიაწოდოს იმ დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის უსაფრთხოების ოფიცერს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი. (6) ვიზიტზე ნებართვის მოქმედების ვადამ არ უნდა გადააჭარბოს თორმეტ თვეს. (7) საიდუმლო კონტრაქტებისთვის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმ პირთა სიებზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები. ეს სიები ძალაშია თორმეტი თვის საწყისი ვადით. განმეორებითი ვიზიტების შემდგომი დეტალები მოწესრიგდება ჩართული უწყებების წარმომადგენელთა უშუალო კოორდინაციით, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.  (8) ყველა ვიზიტორმა უნდა დაიცვას მასპინძელი მხარის უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები. (9) მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ვიზიტორების პირადი მონაცემების დაცვა თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗 საიდუმლო კონტრაქტები (1) იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ან მისი სახელმწიფოს იურიდიულ პირს სურს, დადოს საიდუმლო კონტრაქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ის მხარე, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელდება საიდუმლო კონტრაქტი, იკისრებს პასუხისმგებლობას კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. (2) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა უნდა დაადასტურონ, აქვთ თუ არა მინიჭებული სავარაუდო კონტრაქტორებს, აგრეთვე წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებში ან საიდუმლო კონტრაქტების განხორციელებაში მონაწილე ფიზიკურ პირებს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებისა და საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სათანადო სერტიფიკატები, სანამ ისინი გაეცნობიან წარმომშობი მხარის საიდუმლო ინფორმაციას. (3) წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად კონტრაქტორებს შორის დადებული თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს სათანადო უსაფრთხოების დანართს, რომელიც განსაზღვრავს, სულ მცირე, შემდეგ ასპექტებს: a)  საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის ჩამონათვალი და მისი საიდუმლოობის ხარისხები; b)  გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხების ცვლილების შესახებ შეტყობინების პროცედურა; c)   ელექტრომაგნეტური გადაცემის საკომუნიკაციო არხები და საშუალებები; d)  საიდუმლო ინფორმაციის ტრანსპორტირების პროცედურა; e)    უსაფრთხოების ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება. (4) ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის უსაფრთხოების დანართის ასლი უნდა გაეგზავნოს იმ მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს საიდუმლო კონტრაქტი, იმ მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს უსაფრთხოების ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი.     (5) „შეზღუდული სარგებლობისთვის/SECRET DE SERVICIU” საიდუმლოების გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციის მომცველი საიდუმლო კონტრაქტები უნდა შეიცავდეს შესაბამის მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ასეთი საიდუმლო ინფორმაციის დაცვისთვის გასატარებელ მინიმალურ ზომებს. (6) ნებისმიერმა ქვეკონტრაქტორმა უნდა შეასრულოს უსაფრთხოების ისეთივე ვალდებულებები, როგორსაც ასრულებს კონტრაქტორი. (7) კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ ორმხრივ ვიზიტებზე, რათა გაანალიზონ კონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის მიერ იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვისთვის გატარებული ზომების ეფექტიანობა, რომელსაც შეიცავს საიდუმლო კონტრაქტი. (8) მხარეებმა თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ საავტორო უფლებების, კომერციული საკუთრების უფლებების, მათ შორის პატენტების, სავაჭრო საიდუმლოების და ნებისმიერი სხვა უფლებების დაცვა, რომლებიც დაკავშირებულია მათ სახელმწიფოებს შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან. (9) მხარეების კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებულ შემდგომ დეტალურ პროცედურებზე. მუხლი 10🔗 უსაფრთხოების დარღვევა  (1) უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია მეორე მხარისგან წარმოშობილ ან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციასთან, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, რომლის სახელმწიფოშიც მოხდა დარღვევა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს წარმომშობი მხარის კომპეტენტურ უსაფრთოხების ორგანოს ამის შესახებ და უნდა უზრუნველყოს სათანადო გამოძიება. მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ითანამშრომლონ გამოძიების დროს.  (2) იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების დარღვევა მოხდება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები უნდა განახორციელოს გამგზავნი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ.  (3) ნებისმიერ შემთხვევაში, მიმღები მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ წერილობით უნდა აცნობოს წარმომშობი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს უსაფრთხოების დარღვევის გარემოებების, ზიანის მოცულობის, მისი შემსუბუქების მიზნით გატარებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ. ასეთი შეტყობინება, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს საკმარის დეტალებს, რათა წარმომშობ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად შეაფასოს გამოწვეული შედეგები. მუხლი 11🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით და იგი არ უნდა გადაეცეს არცერთ ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს მოსაწესრიგებლად. ასეთი კონსულტაციების მიმდინარეობისას მხარეებმა უნდა გააგრძელონ წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე მათი ვალდებულებების შესრულება. მუხლი 12🔗 ხარჯები თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით გაღებული საკუთარი ხარჯები. მუხლი 13🔗 დასკვნითი დებულებები  (1) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.  (2) წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი წესის მიხედვით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. (3) მხარეებმა დროულად უნდა აცნობონ ერთმანეთს მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას იქონიებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, რათა განიხილონ წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა. ამ დროის განმავლობაში საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა გაგრძელდეს აქ მოცემული დებულებების შესაბამისად.    (4) თითოეულ მხარეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება წერილობითი გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.  (5) წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა გაგრძელდეს აქ მოცემული დებულებების შესაბამისად მანამდე, სანამ წარმომშობი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისგან. (6) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 2003 წლის 22 ივლისს ქ. ბუქარესტში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის ურთიერთგაცვლილი სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ”. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია დაცული იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.        შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 14 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) რუმინეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)